AS: „გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” კვლავ საუკეთესო იყო. მან გუნდი ისევ იხსნა დიდი ანგარიშით წაგებისგან. პირველი ტაიმის მიწურულს მას ზედიზედ მოუწია თავისიანების გადარჩენა”.

„მარკა”: „დუარტეს (ორჯერ თავურით) და მუნირს შეეძლოთ ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ ამ სამი ეპიზოდიდან ორში მამარდაშვილმა არ მისცა ამის საშუალება. ეჭვგარეშეა, რომ ის „ვალენსიას” ყველაზე საიმედო ფეხბურთელია”.

plazadeportiva: „…შემდეგ „ხეტაფემ გამოიღვიძა. გასტონმა ფრთიდან ჩააწოდა, მუნირს კი თავით გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მამარდაშვილმა ჯადოსნური ხერხით ბურთი კუთხურზე მოიგერია. შემდეგ კი იყო კუთხური, როდესაც დუარტესა და ბორხა მაიორალს უნდა გაეტანათ, მაგრამ მამარდაშვილმა ისევ დაამტკიცა, რომ ხელფასს პატიოსნად გამოიმუშავებს”.

ოღონდ ეგ არის, „ვალენსიამ” მაინც მოახერხა წაგება. თავ ვისთან, გუნდთან, რომელიც ცხრილში ერთი ადგილით მის ქვემოთ იყო. ამ მარცხის შედეგად ჯენარო გატუზოსა და ვოროს შემდეგ ახლა უკვე რუბენ ბარახას „ღამურები” ბოლოსწინა ადგილზე არიან და თუ გავარდნენ (რის რეალური საშიშროებაც არის), მათმა საუკეთესო და ყველაზე სტაბილურმა ფეხბურთელმა, რომელიც ხელფასს დამსახურებულად გამოიმუშავებს (სამივე შეფასება ესპანელებისაა, ჩვენი არ არის), თავს უნდა უშველოს. თუმცა მანამდე გიორგიმ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ პოტენციურ მყიდველებს რაც შეიძლება მეტად მოაწონოს თავი.

დავძინოთ, რომ ეს გახლდათ „ვალენსიას” ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას პირველი მატჩი თანამდებობაზე, რომელზეც ოცნებობდა. ახალი თავკაცის ხელში წინა შეხვედრებისგან განსხვავებით „ღამურებმა” თითქოს უფრო მეტი, ყოველ შემთხვევაში უფრო მწვავე მომენტი შექმნეს, მაგრამ… გოლი ვერ გაიტანეს და რად გინდა. დაცვა კი ტრადიციულად ჩავარდა.