ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართველი ლეგიონერების ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა და ამას მარტივი ახსნა აქვს – ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ჰქონდა სათამაშო…
„არასანაკრებო“ 7 ქართველი მაინც გამოიძებნა და მათგან ერთ-ერთმა ლელოს გატანაც კი მოახერხა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა თავისი „კასტრის“ „ლა როშელთან“ საშინაო მატჩში 53-ე წუთზე ჩაერთო და უკვე 8 წუთში, როცა მასპინძლებმა „აიღე და მიეძალე“-ს მიმართეს, ლევანმა ბურთი ზედახორიდან გამოაძრო და ხაზსიქით გადადო. „კასტრმა“ 17:32 მაინც წააგო და სატურნირო მდგომარეობაც გაირთულა.
ჩილაჩავამ სეზონში პირველად გამოიჩინა თავი, სულ კი ეს მისი მე-9 ლელო იყო ტოპ 14-ში გატარებულ 155-ე (!) მატჩში. ამ მაჩვენებლით ლევანი ლიდერია მოქმედ ქართველ მორაგბეებს შორის.
კიდევ გამოჩნდნე გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსემ“ ბაიონში ბონუსით, 26:29 წააგო), გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის წყვილი („რასინგ-92“-მა „ბრივს“ პარიზში 34:24 მოუგო), გიორგი თეთრაშვილი („პერპინიანმა“ „პოს“ შინ 49:29 სძლია), ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ კი დავით ქუბრიაშვილის „კლერმონს“ 18:9 მოუგო).
ლიდერი კვლავაც „ტულუზია“, რომელმაც ტულონში წააგო. მას 7 ქულით „სტად ფრანსე“ ჩამორჩება, ხოლო საპლეიოფო სექსტეტს „ლიონი“, „ლა როშელი“, „რასინგ-92“ და „ბაიონი“ შესაბამისად 48, 47, 46 და 45 ქულით.
ფსკერზე კი კვლავაც „ბრივი“ (26) და „პერპინიანი“ (30) იმყოფებიან.
პრო დ2-ში 21-ე ტური გაიმართა და მასში 18-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. ამ ლიგაში ჩვენებურებს თავი არ გამოუჩენიათ, ლიდერი კი აქაც უცვლელია.
„ოიონაქსმა“ მონტობანში ბონუსით, 34:21 იმარჯვა და 79 ქულა დააგროვა. ოიონაქსელთა რიგებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი მირცხულავა გამოჩნდა, მისი გუნდი კი უახლოეს მდევარს მთელი 20 ქულით უსწრებს! მდევარი კი „მონ-დე-მარსანია“, რომელმაც ასევე ბონუსით მოიგო – „ვანთან“ 30:3. ლაშა მაჭარაშვილმა ამ მატჩში პირველი ტაიმი ითამაშა.
საპლეიოფო ექვსეულში ასევე შედიან „აჟენი“, „ბიარიცი“, „გრენობლი“ და „კოლომიე“. გავარდნის უმთავრესი კანდიდატები კი „მასი“ და „ანგულემი“ არიან.