„ნაპოლიმ” „სასუოლოს” კვარასა და ოსიმენის ორი ფანტასტიკური გოლით სტუმრად მოუგო. სპალეტი თავის გუნდს კვლავ ზღაპრულ ფეხბურთს ათამაშებს. ამ ეტაპზე გუნდი შეუჩერებელი ჩანს. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელებს შეფასებები ჩამოუწერა, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ:
ალექს მერეტი 6 – რამდენიმე ეპიზოდში მოუხდა ხელთათმანების დასვრა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.
ჯოვანი დი ლორენცო 6.5 – ის კარგად აღუდგა წინ „სასუოლოს” გარემარბებს და შეტევებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ამირ რაჰმანი 6.5 – მტერი შემოსევას თუ გადაწყვეტს უნდა იცოდეს, ვინ დახვდება. ეს ახლა უკვე აშკარაა.
კიმ მინ-ჯაე 6.5 – როგორც ყოველთვის ის ბრძოდა და ორთაბრძოლებს იგებდა. ფიზიკურად ყველას დაჯაბნა შეუძლია.
მატიას ოლივერა 6 – ის იყო დაცვის ყველაზე მკრთალი ბრილიანტი. რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ სერიოზული არაფერი.
ზამბო ანგისა 7 – შესანიშნავად აზღვევდა დი ლორენცოს. „სასუოლო” ფლანგებიდან ხშირად უტევს და ამიტომ ამ შეხვედრაში განაპირა მცველის დაზღვევა მნიშვნელოვანი იყო (ტანგუ ნდომბელე – შეფასების გარეშე).
სტანისლავ ლობოტკა 6.5 – ჩვეულებრივზე ნაკლებად ბრწყინავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის თანაგუნდელებს თამაშის ტემპს კარნახობდა. ეს იყო მთავარი.
ელიფ ელმასი 6.5 – მან შავი სამუშაო გასწია, თანაგუნდელებს მოემსახურა. ის სპალეტის ჯარისკაცია (ალესიო ძერბინი – შეფასების გარეშე).
მატეო პოლიტანო 6.5 – ის ძალიან ბევრს დარბის, თუმცა საწვავიც მალე გამოელია. პირველ ტაიმში, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია. (პიოტრ ჟელინსკი 6 – კარგად ჩაერთო თამაშში. ყურადღებით იყო).
ვიქტორ ოსიმენი 7.5 – დიდებული გოლი გაიტანა. ის განაგრძობს გოლების გატანას და მეტოქეების გაგიჟებას. სხვას ვერაფერს დავამატებთ. (ჯოვანი სიმეონე 6.5 – ჩოლიტო მოედანზე შედის და გოლები გააქვს. ამჯერად ოფსაიდში აღმოჩნდა, მაგრამ დაამტკიცა, რომ გოლის გასატანად მუდამ მზად არის)
ხვიჩა კვარაცხელია 8 – გაიტანა გოლი-შედევრი. საუკეთესო, რაც სერია A-ში შეუგდია. მეტოქეები ვეღარ ხვდებიან, როგორ გააჩერონ. მისი და ოსიმენის წყვილის ნახევარ ევროპას შურას. (ირვინგ ლოსანო 6.5 – მოედანზე ენთუზიაზმით შევიდა და პოლიტანოს საქმე განაგრძო. საუცხოო ფორმაშია).
ლუჩანო სპალეტი 7 – ყვიროდა, ხელებს შლიდა, მუდმივად მითითებებს აძლევდა თავის ფეხბურთელებს. ამ შეხვედრაში სამი ფეხბურთელით გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა და არ შემცდარა. „ნაპოლი” განაგრძობს დამტკიცებას, რომ მატჩის მსვლელობისას ტემპს და ანგარიშს აკონტროლებს. გოლების გატანის შემდეგ გუნდმა ბურთი საცავში შეინახა.