„პარი სენ ჟერმენს” ნამდვილად არ უდგას კარგი დროება — ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა, ასეთი რამ კი 12 წელიწადია არ მომხდარა. ბოლოს პარიზელებმა შინ წააგეს „ბაიერნთან”, 0:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი.

როგორც მედიაში ამბობენ, ფეხბურთელებს მიჯრით წაგებული შეხვედრების გამო დიდი მწუხარება არ ეტყობათ. ცეცხლს ნავთი განსაკუთრებით ნეიმარმა დაასხა. ბავარიელებთან წაგებული თამაშის შემდეგ ის მეგობრებთან ერთად მაკდონალდსში შენიშნეს, სწრაფი კვების რესტორანთა ეს ქსელი კი ფრანგული მედიის მტკიცებით ჯანსაღი პროდუქტით არ გამოირჩევა. ფეხბურთელისთვის, მოგეხსენებათ, ხარისხიან კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნეიმარის თითოეული ნაბიჯის ასეთი კონტროლი კი გასაკვირი არ არის, რადგან ის ხელფასის სახით წელიწადში 40,8 მილიონ ევროს იღებს, ამ ფასად კი „პარკ დე პრენსზე” დიდ შედეგებს ელიან.

ცოტა ხნის წინ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე „პარი სენ ჟერმენის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ილაპარაკა: „ხარისხიანი კვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელმა კარგად უნდა ჭამოს და იძინოს. დიდი დატვირთვების გასაძლებად, ეს აუცილებელია”, — თქვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონმა.

მაგრამ კვებას ვინ ჩივის, ნეიმარი იმავე საათებში ევროპული პოკერის პარიზულ ტურზე შენიშნეს. ეს გახლავთ პოკერის ტურნირი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმართება.

ცნობილია, რომ ნეიმარი პოკერის დიდი მოყვარულია და შინ სპეციალური მაგიდაც კი უდგას.

ახლა, „პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელებს „ბაიერნთან” საპასუხო შეხვედრამდე სამი კვირა აქვთ. მერვედფინალიდან გავარდნა კლუბის ყატარელი მეპატრონეების დიდ აღშფოთებას გამოიწვევს და შეიძლება მათ დიდი რეორგანიზაციისკენაც კი უბიძგოს.