„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Cadena COPE-ს გადაცემა „თამაშის დროში” კლუბში ჩატარებულ ცვლილებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, „ღამურებს” ორი დღეა ახალი მწვრთნელი ჰყავთ — კანისარესის ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა. ბარახამ თანაშემწედ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი კარლოს მარჩენა აიყვანა. ორიოდ წლის განმავლობაში კანისარესი მარჩენას თანაგუნდელიც იყო. ახლა, ცუდ დღეში ჩავარდნილ გუნდს ბარახა და მარჩენა ურთულესი ამოცანით მოევლინნენ — ისინი მხსნელები უნდა გახდნენ.
„ბარახა და მარჩენა უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ამ ფსკერისენ მიმავალი გემის გადარჩენის საქმეში სრულიად მარტონი იქნებიან, — თქვა კანისარესმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბარახას და მარჩენას წყვილის დანიშვნა შეიძლება გარკვეულწილად კარგიც იყოს, რადგან ისინი სინგაპურელი მეპატრონეებისგან განსხვავებით ნამდვილი ვალენსიელები არიან და მათ ხელში მეტი თავდადება და მეტი ერთგულებაა მოსალოდნელი.
თუმცა, არის ერთი საკითხი, რომელიც კანისარესს ძალიან აწუხებს. კლუბის ბევრ ვარსკვლავს სინგაპურელების წინააღმდეგ ხმა ერთხელაც არ ამოუღია.
„ბევრი კითხულობს, რატომ არ იმაღლებენ „ვალენსიას” ლეგენდარული ვეტერანები ხმას, — თქვა ყოფილმა მეკარემ, — გეტყვით, რატომაც. მათ იმედი აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კლუბში დაასაქმებენ და თუკი ასე მოხდება, ისინი პიტერ ლიმზე თვალს დახუჭავენ”.
კანისარესს მიაჩნია, რომ იგივე ბარახა ანუ „პიპო” სინგაპურელებმა კი არ მოძებნეს, არამედ მან მოძებნა სინგაპურელები, რადგან 2020 წლიდან უმუშევარი იყო და ყველგან იმას ამბობდა, „ვალენსიაში” მუშაობაზე ვოცნებობო.