ეს ალბათ, ყველაზე უცნაური გვერდია, რაც კი ოდესმე „სარბიელში“ დაბეჭდილა. საქმე ცხადია, მხოლოდ სიშავეში არ არის, თუმცა ეს სიშავეც ჩანაფიქრის ნაწილია. მთავარი, რა თქმა უნდა, შინაარსია.

საქართველო – რუსეთის შეწყვეტილი მატჩის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სტადიონზე შუქი შემთხვევით არ ჩამქრალა. მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე – გაზეთის გვერდზე იმის დაწერა, რისი დოკუმენტურად დადასტურების საშუალება არ გაქვს. არადა, შიგნით, რედაქციაში ხომ ვიცოდით, რომ ეჭვი საფუძვლიანი იყო…

დილემა ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა თამაზ მიგრიაულმა გადაჭრა – მოდი, იგავ-არაკად დავწეროთ ეს ამბავი და გამგები გაიგებსო. ასეც გადაწყდა და გვერდის ავტორმა გიორგი დარჯანიამ მოიფიქრა, „იგავი“ თავის სიზმრად წარმოეჩინა.

… 21 წლის შემდეგ, ისევ „სარბიელში“, ოღონდ უკვე ჩვენს პოდკასტში, ფეხბუთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იტყვის ფრაზას: „შუქი იმიტომ ჩაქრა, რომ უკეთესი იყო ჩამქარიყო“

ამ ფრაზით, ვფიქრობთ დადასტურდა, რომ „სარბიელმა“ იმ შავი გვერდითაც ათიანში გაარტყა!

„უცებ წამოვხტი სულ მთლად გაოფლილი ვიყავი. ერთ ხანს აზრზე ვერ მოვედი, სად ვიყავი. ყურებში რაღაც ხმებს ზუზუნი გაჰქონათ. ბნელა, უცებ მომეჩვენა, რომ ისევ სტადიონზე ვარ, ნელ-ნელა მახსენდება: სტადიონზე საღამოს ვიყავი, ახლა კი ღამეა, საცაა ირიჟრაჟებს. უჰ, ეს რა საშინელი სიზმარი მინახავს, კიდევ კარგი გამეღვიძა.

რა დამესიმრა? კატა ვიყავი და ძაღლები მომდევნენ… არა, არა, მაგის მერე კიდევ რაღაც ვნახე. უფრო საშინელი და იმან გამაღვიძა. ჰო, გამახსენდა, საქართველოს ჰიმნი ვიყავი და ვიღაც ძია ისტორიის სანაგვეზე გადაგებას მიპირებდა. მოიცა… არა კაცო, მაგის მერეც ვნახე რაღაც.

სიგარეტს დავწვდი. მოვუკიდე. ნელ-ნელა გონება დამეწმინდა დ მესამე სიზმარი ამოტივტივდა: მაგიდა ვიყავი, რაღაც შენობაში ვიდექი, რომელსაც ძალიან ბევრი მინა ჰქონდა და ჩემს გარშემო მდგარ სკამებს ამაყად ვუყურებდი. მერე ორი კაცი მოვიდა, სკამებზე დასხდნენ და იდაყვები დამალაგეს. ერთმა თავზე სიგარეტის კოლოფი და სანთებელა დამადო (საფერფლე იქამდეც მედო) და ლაპარკი დაიწყეს. ფეხბურთს ახსენებდნენ ხშირად. ფეხბურთი რომ თამაში იყო მივხვდი, ოღონდ რა თამაშია არ ვიცოდი. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი.

მაგიდა ვიყავი და აბა, ადამიანების ჭკვიანური ლაპარაკიდან ყველაფერს როგორ გავიგებდი, მაგრამ მგონი, რაღაც შეთქმულებაზე ლაპარაკობდნენ.

უფრო ახალგაზრდა ამტკიცებდა, თამაშს თუ ჩავშლით, ჩვენც მოვიგებთ და თქვენცო. უფრო ხნიერმა ჩაიცინა, თქვენთან მე ყოველთვის მოგებული ვიქნებიო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენ. მდივანი ვალერი ჩოლარია, მერაბ ჟორდანია, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი და სფფ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე

– გეთანხმებით, ჩვენ თქვენთან ახლოსაც ვერ მოვალთ, მაგრამ ბურთი მრგვალია და ამ ერთხელ რომ მოვიგოთ მერე სად მიდიხართო – მაინც თავისას გაიძახდა ახალგაზრდა.

მაგრამ ხნიერს მოატყუებდა?

– ჰოდა, ადექით და მოიგეთ, რა ჩაშლა მოგინდათო – ისევ ჩაიცინა მოხუცმა.

აქ კი, როგორც მომეჩვენა, ახალგაზრდამ ისეთი ჭკვიანური რამ თქვა, თავად გაუკვირდა: სიყვარულოვიჩ, თქვენ ალბათ მოიგებთ, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტია გაქვთ? არა, მე უეჭველ ორიანს გთავაზობთ, თუკი მატჩის სხვა დროს გამართვას დამთანხმებითო.

ახალგაზრდამ ხნიერს დაინტერესება შეატყო და უფრო თამამად განაგრძო: მოგების დიდი იმედი არ მაქვს და ხალხის ამბავი რომ ვიცი, გადაირევა. ჯერ ხომ გინებით აგვიკლებენ, მერე ამ ახალ გარემონტებულ ოფისს დაგვილეწავენ და ცოცხლები თუ გადავრჩით, ქუჩაში ვეღარ გავალთ. ხალხი კიდევ ნაკლებად მადარდებს, გინებსაც რა ხანია, შევეჩვიეთ, მაგრამ სტადიონზე ბელადიც მოვა და რამე რომ მოხდეს – არადა, მოხდება – მერე რა გვეშველება?

და სხვა დროს რომ მოვიგებთ მაშინ არ გეშინიათ ხალხისო?- ცალი თვალი მოჭუტა ხნიერმა.

– ოჰ, იმ დროისთვის ჯგუფში ჩარჩენილებით ვიქნებით და ხალხი სულ არ მოვა სტადიონზე, მაგის დარდი ნუ გაქვთ – გამხიარულდა ახალგაზრდა და მარჯვენა თვალი ჩაუკრა- ეგებ ნეიტრალური სტადიონიც გავახაროთო.

ხნიერი კი არ მოეშვა, როგორ აპირებ თამაშის ჩაშლასო, ოღონდ ჩხუბი და იარაღის ტრიალი არ დამანახოთო.

– როგორ გეკადრებათ სიყვარულოვიჩ, რომელი საუკუნეში ვცხოვრობთ, შუქს გამოვრთავთ, ჩვენ ხალხს ეგ მაინც არ გაუკვირდება და საქმესაც გაიჩარხებაო.

– გეტყობათ რომელ საუკუნეშიც ცხოვრობთო – ჩაიბურდღუნა ხნიერმა და ახალგაზრდას გაწვდილ ხელზე ხელი დაჰკრა.

მერე გავიდნენ და დიდხანს ჩემს სკამებთან მარტო დავრჩი. წამთვლიმა. უეცრად ღრიალი გავიგე. ქუჩიდან ისმოდა ვიღაცეების დედებს ახსენებდნენ და შენობის დალეწვით იმუქრებოდნენ. ერთი კი გავიფიქრე თავში ქვა უხლიათ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, მეც ამ შენობაში რომ ვცხოვრობ და ძალიან შემეშინდა“.

გაზეთი „სარბიელი“ 15.10.2002