Radio Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა ვეტერანმა იტალიელმა მენეჯერმა, „ბრეშას” სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ, რომელმაც საინტერესოდ ილაპარაკა ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენზე. პერინეტიზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა რომ შეგვექმნას ვიტყვით, რომ მან 1972 წელს, 21 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო „რომას” მენეჯერთა შტაბში. იმ პერიოდში „რომაში” უკვე კაშკაშებდა ახალგაზრდა ბრუნო კონტი. მას თავიდან ყმაწვილები ჩააბარეს, შემდეგ კი სპორტული დირექტორი გახდა. 1987 წელს პერინეტი „ნაპოლიში” მთავარ სკაუტად და ყმაწვილთა სექტორის შეფად გადავიდა. ერთ წელიწადში მას აქაც სპორტული დირექტორობა უბოძეს. ის იყო პირველი, ვინც 1991 წელს დაუკავშირდა დიეგო მარადონას, როდესაც არგენტინელს კოკაინის მოხმარების გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ მოდი 72 წლის იტალიელი დირექტორის ბიოგრაფიას ნუღა მივყვებით და მის მოსაზრებას გავეცნოთ.
პერინეტიმ თქვა, რომ ბოლო პერიოდში იტალიურმა ფეხბურთმა ტექნიკური თვალსაზრისით რეგრესი განიცადა. მას მერე, რაც არიგო საკიმ 4-4-2 დანერგა და ეს სქემა მოდური გახდა, მწვრთნელებმა სულ უფრო მეტი ყურადღება გადაიტანეს ტაქტიკურ ასპექტზე, თამაშის მშვენება, დრიბლინგი კი მიივიწყეს.
სწორედ ამიტომ არის პერინეტის აზრით ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ჩანაწერის ცქერა იტალიელი ბავშვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მწვრთნელების თეორიულ გაკვეთილებზე ჯდომა. ვეტერანმა მენეჯერმა კვარას ფინტი, ის მოძრაობა, როდესაც ქართველი კარში დასარტყმელად ემზადება ან თანაგუნდელს პასს აწვდის, შაბლონურ გაკვეთილებზე წინ დააყენა.
„დრიბლინგი მიცვალებულია. მისი მკვდრეთით აღდგენა კი ფეხბურთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გახლავთ. დრიბლინგის წყალობით ფეხბურთი უფრო მშვენიერი უნდა გახდეს”, — თქვა პერინეტიმ.