წილი ნაყარია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს — 47 წლის რუბენ ბარახა. ის 2000-2010 წლებში „ღამურების” ცენტრალური ნახევარმცველი იყო.

საოცარია, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და პრეზიდენტმა ლაიჰონ ჩანმა ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ მხსნელად დიდი ხმაურით მოიყვანეს ვორო, რომელსაც თითქოსდა სეზონის ბოლომდე დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ სინგაპურელებს თვალის დახამხამებაში შეეცვალათ გუნებ-განწყობა და ინებეთ — გუნდი უკვე „პიპოს” აბარია.

„ჩემი ერთ-ერთი ოცნება „ვალენსიას” გაწვრთნაა”, — ამბობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, Cedena Ser-თან ინტერვიუში ვალიადოლიდში დაბადებული ბარახა. მას არასდროს დაუმალავს, რომ მას მერე, რაც ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, „მესტალიაზე” დაბრუნება ყოველთვის იზიდავდა. და აი, სეგუნდა დივიზიონში ექვსწლიანი „ვადის მოხდის” შემდეგ, ოცნება ახდა, ოღონდ… ჯერჯერობით სეზონის ბოლომდე.

მდგომარეობა რთულია. ბარახას საყვარელი გუნდი გავარდნის საშიშროების წინაშეა, ქუჩაში კი დემონსტრაციებია — ხალხი სინგაპურელების გაყრას ითხოვს. ერთი სიტყვით, იოლი შესაძლებელია, რომ ნანატრი კანფეტი მოწამლული გამოდგეს, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს — როდესაც რუბენ ბარახა ვეგასი ხარ და „ღამურები” დახმარებას გთხოვენ, უარს უბრალოდ ვერ ეტყვი.

ბარახა ლა ლიგის ორგზის ჩემპიონია, არის ესპანეთის სამეფო თასის მფლობელი, მოგებული აქვს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. სხვა სიტყვებით, ის არის დიდ გამოწვევებს ნაჩვევი კაცი. თუმცა, არის მეორე მომენტიც, ფეხბურთელობის დროს „ჩეების” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველი არასდროს ყოფილა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის მისი გუნდი. „ვალენსია” ლა ლიგაში დარჩენაზე ოცნებობს — წესით ეს უცნაური შეგრძნება უნდა იყოს. სხვა საქმეა, რომ ისეთ ისტორიულ კლუბებს, როგორებიც არიან „ელჩე” და „ტენერიფე” მისთვის გაჭირვების დროს უხმიათ, ასე რომ „პიპოსთვის” გადარჩენისთვის ბრძოლა მთლად უცხოც არ არის.

ორშაბათს ბარახას, როგორც მწვრთნელს, პრიმერა დივიზიონში დებიუტი აქვს — „ხეტაფეს” ხვდება. ეს პრინციპული მატჩია: მეთვრამეტე ადგილზე მყოფი გუნდი მეცხრამეტე ადგილზე მყოფს სტუმრობს.

ბარახას მხარში ამოუდგება „ვალენსიას” კიდევ ერთი ლეგენდა, 43 წლის კარლოს მარჩენა, რომელიც „მესტალიაზე” 2001-10 წლებში გამოდიოდა.