კარგი კაცია ვიქტორ ოსიმენი. იმ დღეს, როდესაც „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, მისი და ელიფ ელმასის გოლებით „კრემონეზე” დაამარცხა 3:0, მან გულშემატკივართან უშუალო ურთიერთობით კვლავ გამოიჩინა თავი.
ლაგოსში დაბადებული 24 წლის ოსიმენი 17 გოლით ლიდერობს სერია A-ს ბომბარდირთა სიას, მაგრამ ფეხბურთს მიღმა უბრალო ქცევითაც გამოირჩევა. ყველას ახსოვს როგორ მოიქცა ის სპეციაში, მატჩის წინა მოთელვის დროს, როდესაც შემთხვევით ადგილობრივ მაყურებელს თავში ბურთი გაარტყა. მან დაუყოვნებლივ აირბინა ტრიბუნაზე და დაზარალებული მოიკითხა. მოუბოდიშა მას.
„კრემონეზესთან” მატჩის ბოლოს კი აი რა მოხდა: ოსიმენმა ტრიბუნაზე დაინახა დროშა, რომელზეც მისი სახე იყო გამოსახული. ის გაჩერდა, დროშის პატრონს დაუძახა და ტელეფონის ნომერი გამოართვა, რათა ასეთი მხარდაჭერისთვის პირადად გადაეხადა მადლობა. ჩათვალა, რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა. „აძურის” მავანმა ქომაგმა ეს ამბავი ტელეფონით გადაიღო და TikTok-ზე დადო, სადაც ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.