Romelu Lukaku of FC Internazionale reacts towards teammate Nicolo Barella of FC Internazionale as they discuss and exchange words during the Serie A...ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა.

იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით უკმაყოფილო ბარელამ თანაგუნდელს ხელი აუქნია, რაზეც ლუკაკუ გაცხარდა, ნახევარმცველს მივარდა და უღრიალა: „ნიკო, მოკეტე, ნუ აკეთებ ასეთ რაღაცებს. გეყოფა ეს ხელის ქნევა!”. ამის შემდეგ ფეხბურთელები თითქოს დაშოშმინდნენ და თამაში განაგრძეს. ურთიერთობას, სავარაუდოდ, გასახდელში გაარკვევდნენ.

მატჩის შემდეგ „ნერაძურის” მწვრთნელს სიმონე ინძაგის ჟურნალისტებთან ამ ეპიზოდზე მოუხდა ლაპარაკი.

„მოედანზე ასეთი რაღაცები ხანდახან ხდება, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს. მე მსგავსი რამის ნახვა არ მინდა. იყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ლუკაკუ და ბარელა დიდი მეგობრები არიან”, — თქვა ინძაგიმ.

სტანკოვიჩმა კი თავისი „სამპდორია” შეაქო, თუმცა ჯერ ჟურნალისტებს მოუბოდიშა: „ბოდიშს ვიხდი „მონცასთან” თამაშის მერე პრეს-კონფერენციაზე რომ არ მოვედი, მაგრამ ბოლოწამს ხელიდან გაშვებული გამარჯვების გამო დაზაფრული ვიყავი და სათქმელიც არაფერი მქონდა. დღეს მინდა ჩემი ბიჭები შევაქო, მადლობა ვუთხრა. მდგომარეობა რთულია, ბოლოსწინა ადგილზე ვართ, მაგრამ უკანასკნელ ტურამდე ვიბრძოლებთ”.

აღსანიშნავია გენუელთა მეკარის ემილ აუდეროს ჩინებული თამაშიც, რომელსაც 92-ე წუთზე იღბალიც დაეხმარა — 35 წლის ფრანჩესკო აჩერბიმ ძელს გაარტყა ბურთი.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ „ინტერი” „ნაპოლის” უკვე 15 ქულით ჩამორჩება და მის მეორე ადგილსაც „ატალანტა”, „რომა” და „მილანი” უკვე სერიოზულად ემუქრებიან — ეს სამი გუნდი „ნერაძურის” სამი ქულითღა ჩამორჩება.