სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” აუტსაიდერ „კრემონეზეს” 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა. შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა ლომბარდიელებს ფარ-ხმალი წუთითაც არ დაუყრიათ. მათ შემადგენლობაში კვლავ არ თამაშობდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ვერა და ვერ გამოკეთდა.
calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელები სათითაოდ შეაფასა და დაახასიათა. ქვემოთ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
ალექს მერეტი 6 – ფაქტობრივად საქმე არ ჰქონია. კარგად ხელმძღვანელობდა დაცვას.
ჯოვანი დი ლორენცო – 6.5 შეხვედრის დასაწყისშივე ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. ბოლომდე ერთვებოდა შეტევებში, მაგრამ დაცვაშიც ყურადღებით თამაშობდა.
ამირ რაჰმანი 6.5 – სიფრთხილით გამოირჩეოდა. მეტოქის თავდასხმა მის აღმართულ კედელს ეჯახებოდა, მაგრამ ვერ არღვევდა.
კიმ მინ-ჯაე 6.5 – ოსიმენმა მას ფაქტობრივად გოლი მოპარა, არადა ეს გოლი კორეელის მორიგი შესანიშნავი თამაშის გვირგვინი იქნებოდა.
მარიო რუი 6.5 – მან ტრადიციულად რაოდენობასა და ხარისხს უერთგულა. ეს მისი თამაშის დამახასიათებელი შტრიხია. (მის ნაცვლად შესული ოლივერაც კარგი იყო – 6).
ზამბო ანგისა 6.5 – „კრემონეზეს” მცდელობებს ფიზიკურად უმკლავდებოდა. მისი ბრძოლა ყოველთვის სრულყოფილია.
სტანისლავ ლობოტკა 6.5 – მოედნის შუაში ტრადიციულად მეტრონომის ფუნქცია შეასრულა. ის გუნდს იდეალურ გეომეტრიას ანიჭებდა და თავად საყრდენ წერტილს წარმოადგენდა. (მის ნაცვლად შესულ დიეგო დემეს შეფასება არ აქვს).
პიოტრ ჟელინსკი 6 – ყველაზე მეტად ის იყო მიყუჩებული, თუმცა გუნდს ეხმარებოდა და რაიმე კონკრეტული შეცდომა არ დაუშვია. (მის ნაცვლად შესული ელიფ ელმასი – 7. შევიდა და გაიტანა. სპალეტის დამატებითი იარაღია.)
ირვინგ ლოსანო 6.5 – ის ახლოს იყო გოლის გატანასთან, ბევრს დარბოდა და დაკარგული ბურთისთვის იბრძოდა. მთელი გულით, დიდებულად ითამაშა. მისი ასეთი თამაში პოლიტანოსთვის გაფრთხილება იყო. (მის ნაცვლად შესულ ტანგუ ნდომბელეს შეფასება არ აქვს).
ვიქტორ ოსიმენი 7 – ის აღარ ჩერდება, გოლი ისეთ შეხვედრებშიც კი გააქვს, რომელშიც თითქოს დათრგუნული ჩანს. მან სამაგალითო ზრდა განიცადა. მუდმივად ხიფათს ქმნის.
ხვიჩა კვარაცხელია 7 – განაგრძობს ჯადოქრობას. გაიტანა გოლი, რომელმაც თამაშს ბეჭედი ახსნა: როდესაც ანთებულია, ამ ბიჭის გაჩერება ძალიან ძნელია. მას მეტოქეების მოსაჯადოებლად ჯადოსნური ჯოხი აქვს (მის ნაცვლად შესულ ჯაკომო რასპადორის შეფასება არ აქვს).
ლუჩანო სპალეტი 7 – მისი საუკეთესო ფეხბურთელები მთელი გულით თამაშობენ. მათ გარდა, გულით თამაშობს ყველა, ვინც შეცვლაზე შედის. ის თავის ფეხბურთელებს უკვე ზედმიწევნით კარგად იცნობს და ზუსტად გრძნობს, როდის უნდა შეიყვანოს ან გაიყვანოს თითოეული მათგანი. მისი გუნდი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდმა ზუსტად იცის, როგორ უნდა აგოროს ბურთი და აკონტროლოს ტემპი.