„ჩელსი” გაჩერებას არ აპირებს. დასავლეთ ლონდონელებს ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობა აქვთ გადაწყვეტილი. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ინგლისელებმა იტალიაში დასახარჯად დიდძალი თანხა გადადეს. რომაული გაზეთი LondonWorld-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ლურჯების” მთავარი მიზანი „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია. ისინი „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს 120 მილიონი გირვანქით უპირებენ მოხიბვლას, რაც ამჟამინდელი კურსით 135,341 მილიონი ევროა. რამდენად მოიხიბლება დე ლაურენტისი არავინ იცის, რადგან ცოტა ხნის წინ მან გერმანულ „ბილდთან” ინტერვიუში თქვა, რომ „ნაპოლი” მდიდარი კლუბია, რომელსაც ვალები არ აქვს და შესაბამისად ფეხბურთელების გაყიდვა არ ჭირდება.
მას მერე, რაც „ჩელსი” ამერიკელმა ტოდ ბოელიმ იყიდა, კლუბმა ახალ ფეხბურთელებში 600 მილიონი გირვანქა დახარჯა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაჩერებას არ აპირებს. ყველაზე მეტად დასავლეთ ლონდონელებს თავდამსხმელის პრობლემა აქვთ. და თუკი „სტემფორდ ბრიჯზე” ვინმე ენატრებათ, ეს კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი დიდიე დროგბაა, რომელიც „ჩელსიში” 2004-12 და 2014-15 წწლებში თამაშობდა. ოსიმენს ბოლო დროს მას ამსგავსებენ. ამ მსგავსების შესახებ „ჩელსის” დიდების დროინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმაც ილაპარაკა.
რომაული გაზეთი წერს, რომ „ლურჯებს” ბალასტისგან გათავისუფლება და ოსიმენის საყიდელი ფულის შოვნა ჭირდებათ — კერძოდ, უნდა გაიყიდოს ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც იჯარით „ინტერში” თამაშობს.