ბექა გორგაძემ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი საფრანგეთში მისი კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით დარჩა.
„პოს“ სატურნირო მდგომარეობა ბოლო დროს საგრძნობლად გაუუარესდა და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ლიდერების გამშვებ „რასინგ-92“-თან საშინაო მატჩში კაპიტნის მოსაკლისება ბასკთა შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
ამ სვლამ გაამართლა, რადგან „პომ“ ლიდერთა ჯგუფში მყოფ პარიზელებს 38:19 მოუგო, ბონუს-ქულაც მიითვალა, ხოლო ბექა გორგაძემ თავი წყვილი ლელოთი გამოიჩინა.
ამ მატჩის მე-10 წუთზე სტუმართა 5-მეტრა ხაზთან ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან ქართველი კაპიტანი მივიდა, უცებ ხელში აიტაცა და პარიზელთა კედელს ეკვეთა, დამცველებმა ამ დარტყმას კი გაუძლეს, მაგრამ ბექას თანაგუნდელები დაემატნენ და ამხელა მასა პარიზელებმა ვეღარ შეაკავეს, მთელი ეს ჯგუფი ლელოში შევარდა და მომდევნო 5 წუთი ეპიზოდის შესწავლას დაეთმო.
არბიტრი და ვიდეორეფერი ერთობლივად ძალიან დიდხანს ბჭობდნენ, დაიდო თუ არა ბურთი გაზონზე, პოელები ბექას კი ულოცავდნენ და სტადიონიც ზეიმობდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არანორმალურად გაჭიანურდა. ბასკთა საბედნიეროდ, რეფერიმ ლელო ჩათვალა და „პო“ წინ გაიჭრა.
თავისი მეორე და გუნდის მეხუთე ლელო კი გორგაძემ მე-60 წუთზე გაიტანა. პარიზელთა დაცვა ბრინჯივით დაიბნა, რაც გამოცდილმა მესამეხაზელმა საუცხოოდ გამოიყენა, პარტნიორისგან ბურთი მიიღო და ასე 20 მეტრი დაუბრკოლებლად ირბინა ჩათვლის მოედნამდე.
ეს იყო ბექას მესამე ლელო მიმდინარე სეზონში, ხოლო მთლიანობაში გორგაძემ მე-12 ლელო გაიტანა თავის მე-8 ფრანგულ სეზონში.
გორგაძის გარდა ტოპ 14-ის მე-17 ტურში კიდევ 7-მა ქართველმა ითამაშა და ეს მცირერიცხოვნობა პარალელურად მიმდინარე სანაკრებო სეზონით აიხსნება.
სხვათა შორის, საფრანგეთში მე-8 სეზონს ბურჯი ზურაბ ჟვანიაც ატარებს, რომელმაც შუალედში სამი წელი ინგლისში გაატარა. ჰოდა, „ზუზუმ“ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა თავისი „გრენობლის“ შემადგენლობაში.
ვეტერანი პირველხაზელი პრო დ2-ის მე-19 ტურში ალპურ კლუბს „აჟენის“ ძლევაში (20:16) დაეხმარა. 21-ე წუთზე „გრენობლმა“ შეტევა რაქში გადაიყვანა, გააჩაღა „აიღე და მიეძალე“, ბოლოს კი ბურთი რაქიდან ჟვანიამ მიიღო, ამ სიტუაციებში კი ზურა თავს წყალში თევზივით გრძნობს. ის ორ მცველს შორის ფორვარდივით მოქნილად გაძვრა და თავისი ფრანგული კარიერის მე-11 ლელო გაიფორმა, რაც ბურჯისთვის ძალზე შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
სულ კი, ჟვანიას ჩათვლით, ტურში 15-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა.