ფრანკფურტის „აინტრახტს” რთული პერიოდი ელის. გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს, მოედანს მიღმა პრობლემები აქვს — მის პრეზიდენტს პეტერ ფიშერს კოკაინი უპოვეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს შენახვისა და მოხმარების მუხლით.

ინფორმაცია წუხელ გვიან გავრცელდა. როგორც ირკვევა ფიშერის უმცროსი ვაჟი, რომელიც 13 წლისაა, სკოლაში ამხანაგთან ერთად კოკაინს ყნოსავდა. ეს ამბავი გაიგო ამხანაგის დედამ და სკოლას შეატყობინა. სკოლამ ფაქტს მძაფრი რეაქცია მისცა და ფიშერების სახლს გამომძიებლები მიადგნენ. სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკაში გაწვრთნილი მეძებარი ძაღლები მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, ფიშერის საწოლის გვერდით ტუმბოში კოკაინი იპოვეს.

ახლა, ფიშერების ოჯახში მცხოვრებმა სრულწლოვანმა ადამიანებმა, კერძოდ თავად 66 წლის პრეზიდენტმა, მისმა მეუღლემ და 25 წლის უფროსმა ვაჟმა პასუხი უნდა აგონ, იმაზე, თუ რატომ იყო მათ სახლში ნარკოტიკი.