მარკო ასენსიო 27 წლის არის და ბოლო 7 წელიწადია „რეალში” თამაშობს. თუკი ამ შესანიშნავ ფეხბურთელს რაიმე დამახასიათებელი ილეთი, გამორჩეული მოძრაობა აქვს, ეს საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარში ბურთის ლამაზი და მეკარისთვის ძნელად მისაწვდომი ტრაექტორიით შებზრიალებაა. და რა გააკეთა „ვალენსიას” დაცვამ „რეალთან” სტუმრად შეხვედრის 52-ე წუთზე? ასენსიო იმდენ ხანს დატოვა უმეთვალყურეოდ, სანამ პარტნიორმა ბურთი არ მიუგორა, მან კი გააკეთა ის, რაც ასე ძალიან ეხერხება — 1:0.
ორ წუთში, ვინისიუს ჟუნიორმა, რომელიც ამ დღეს მარცხენა ფრთიდან დაუზარლად და ეფექტურად სერავდა „ღამურების” დაცვას, მეტოქის საჯარიმოში გიორგი მამარდაშვილთან პირისპირ შეირბინა და ტექნიკური დარტყმით მეორე გოლი შეაგდო.
მანამდე, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3 წუთზე კიდევ ერთხელ შევარდა ბურთი „ვალენსიას” კარში — ანტონიო რუდიგერმა თავურით გაიტანა, მაგრამ სანამ ის თავურს დაარტყამდა, ქარიმ ბენზემამ მეურვეს ჯერ იდაყვი გაჰკრა და მერე თავშიც ჩაუტყაპუნა, რის გამოც გოლი VAR-მა არ ჩათვალა, ფრანგმა კი ყვითელი ბარათი მიიღო.
სხვა მხრივ ორიოდ ხანმოკლე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო — „რეალი”. ის რომ ადრე თუ გვიან გოლს ან გოლებს შეაგდებდა და მოიგებდა, იმთავითვე ეჭვგარეშე იყო. და კიდევ მოედანზე იყო მამარდაშვილი, რომელმაც საკუთარი თვალით ნანახს თუ გვერდზე გადავდებთ და სტატისტიკას ჩავხედავთ, მეტოქის 5 დარტყმა მოიგერია და მაგალითად whoscored.com-ის მიხედვით თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება, 6,8 დაიმსახურა. იგივე სტატისტიკა მეტყველებს, რომ „რეალმა” „ვალენსიას” კარის მიმართულებით 19-ჯერ დაარტყა ბურთი, „ვალენსიამ” კი გადაღმა კარში 4-ჯერ. ამ დარტყმებიდან მადრიდელებმა 7 კარის ჩარჩოში დაუმიზნეს, ხოლო „ჩეებმა” ასეთი რაღაც ერთხელაც ვერ მოახერხეს.
და იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო მომენტი, როდესაც გაბრიელ პაულისტამ ვინისიუს ჟუნიორს ისეთი გამწარებით გამოსდო სარმა, რომ მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. ბრაზილიელებს შორის გაწევ-გამოწევაც კი იყო.
ეს შეხვედრა გახლდათ ჯენარო გატუზოს ნაცვლად დანიშნული ვოროს პირველი მატჩი. პრეს-კონფერენციაზე მან თქვა:
„რთულ სცენარს შევეჯახეთ. „რეალი” მუდმივად ქმნის საგოლე სიტუაციებს. ჩვენ მუშაობა მონოლითური დაცვის შენებით უნდა დავიწყოთ. პირველ ტაიმში სივრცეების ჩაკეტვა მოვახერხეთ, მაგრამ მადრიდელები გვჯობდნენ. შემდეგ ასენსიომ დიდებული გოლი გაგვიტანა და ჩვენი გუნდი გატყდა. მას მერე საუკეთესო რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, მეტის არ-გაშვება იყო, მაგრამ ესეც ვერ შევძელით. იმ გუნდებიდან, რომლებსაც ამიერიდან უნდა შევხვდეთ, ასეთ ზეწოლას ყველა ვერ მოგვიწყობს.
ის, რომ ჩვენი ბიჭები დათრგუნულები არიან, ლოგიკურია. ისინი თანაუგრძნობენ გატუზოსა და მისი შტაბის წევრებს, მაგრამ ჩვენ ჩიპი უნდა შევცვალოთ. მე ასეთ მდგომარეობაში ბევრჯერ ვყოფილვარ და გასახდელში უფრო რთული ატმოსფეროც მინახავს”.