გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” სალვადორ გონსალესი იგივე ვორო დაუბრუნდა. რაც კლუბს „მერიტონი” ფლობს ვოროს გუნდის ტალახიდან ამოსაყვანად უკვე მეექვსედ იწვევენ — საკმარისია მწვრთნელი მოხსნან, რომ მხსნელად მას ეძახიან. ჩვეულებრივ ვორო მუდამ კედელზე დაკიდებული ცეცხლის ჩამქრობის ფუნქციას ჩინებულად ართმევს თავს, თუმცა Superdeporte-ს მიაჩნია, რომ „ღამურების” ყოფილ ფეხბურთელს ახლა ყველაზე რთულ ამოცანასთან მოუწევს შეჭიდება. ამჯერად სპორტული პრობლემების გარდა მას ეკონომიკური სირთულეების გაცნობაც მოუწევს.
ბოლო ჯერზე, როდესაც ვორომ ხავი გარსია შეცვალა, თქვა: „იმედი მაქვს ეს უკანასკნელად მოხდა”. როგორც გაირკვა ამაოდ იმედოვნებდა. ბოლო პერიოდის ტრადიცია ასეთია: როგორ კი „ვალენსიაში” აღარ იციან რა ქნან, მას ეძახიან და ისიც ერთგულად გამორბის მშობლიური კლუბის გადასარჩენად — ვორო 59 წლის არის. ის ლ’ალსუნდიაშია დაბადებული, ქალაქ ვალენსიადან 36 კილომეტრში. ლ’ალსუნდია ვალენსიის ავტონომიას ეკუთვნის.
სინგაპურელი პიტერ ლიმის გამოჩენამდე ვორო ორჯერ ედგა გუნდს სათავეში. ერთხელ, როდესაც როლანდ კუმანის გაფუჭებული საქმე უნდა გამოესწორებინა და მეორედ, როდესაც მაურისიო პელეგრინოსა და ერნესტე ვალვერდეს შორის ხიდი იყო საჭირო. ლიმის მოსვლის შემდეგ კი მას წარამარა ეძახიან.
პირველად ლიმმა ვორო თავისი მმართველობის მეორე წელიწადს მიიწვია. მაშინ მან მხოლოდ ორი შეხვედრის გაძღოლა მოასწრო: თასზე „ბარაკალდოს” მოუგო და შინ „ბარსელონასთან” ფრედ ითამაშა. ეს იყო გარდამავალი პერიოდი ნუნუ ესპირიტუ სანტუსა და გარი ნევილს შორის, მაგრამ ინგლისელი „ღამურებისთვის” კოშმარული მწვრთნელი აღმოჩნდა და ის პაკო აიესტარანით შეცვალეს. სათადარიგოთა სკამთან ვოროს მომდევნო გამოჩენაც სწორედ ბასკის შემდეგ იყო. ამჯერად „ცეცხლის ჩამქრობმა” სამ შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს და… ახალი მწვრთნელიც მოვიდა — იტალიელი ჩეზარე პრანდელი. პრანდელიმდე ვორომ შინ „ალავესს” და სტუმრად „ლეგანესს” მოუგო, ბოლოს კი შინ წააგო „ატლეტიკოსთან”.
ვერც პრანდელი გაჩერდა თანამდებობაზე დიდხანს — 2016 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე აცადეს. სეზონის მეორე ნახევარში ის კვლავ ვორომ შეცვალა: 25 შეხვედრიდან 10 მოიგო, 11 წააგო და 4 ფრედ ითამაშა. მის ხელში „ჩეები” მე-12 ადგილზე გავიდნენ.
მერე კი კლუბმა მარსელინო გარსია ტორალი დაიქირავა და დადგა სტაბილურობის პერიოდი. ეს იყო დრო, როდესაც ვოროს შეეძლო აღარ ყოფილიყო ტელეფონს მიყურადებული, „ვალენსიადან” ხომ არ მირეკავენო, მაგრამ მესამე სეზონში ლიმმა მარსელინოს პროექტიც დაიწუნა და ალბერტ სელადესი დაიქირავა. ანდორელმა სელადესმა ერთი სეზონი გაძლო და ისევ გაისმა ზარი ლ’ალსუნდიელის ტელეფონში. ამჯერად მან ექვს შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს — ორი მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და სამჯერ წააგო. ეს ცუდი შედეგი იყო, „ვალენსია” ევროთასებზე სათამაშოდ ვერ გავიდა და… დადგა ხავი გარსიას პერიოდი.
ხავი გარსიას ხელში „ღამურები” გასავარდნ ზონას მიუახლოვდნენ. ის ცხადია გაუშვეს. ვინ დაიკავებდა თანამდებობას ხოსე ბორდალასის მოსვლამდე? რასაკვირველია ვორო. მან ოთხ შეხვედრაში ორი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო. ამ 7 ქულის წყალობით „ვალენსიამ” მე-13 ადგილი დაიკავა და გავარდნას გადარჩა.
და ვორო… ისევ „კედელზე დაკიდეს”. დადგა ხოსე ბორდალასისა და ჯენარო გატუზოს ეპოქა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო გიორგი მამარდაშვილით არის საინტერესო.
ვნახოთ როგორ აეწყობა ვოროს და მამარდას ურთიერთობა.