საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ.
ტოპ 14
ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა.
მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი 1 საათი და დასკვნითი 3 წუთი გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, ხოლო პარიზელმა გიორგი მელიქიძემ პირველიდან 54-ე წუთამდე ირაგბა.
მესამე-მეოთხე საფეხურებს კიდევ ერთი პარიზული კლუბი – „რასინგ-92“, და ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ ინაწილებენ. გასულ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება დედაქალაქელთა საშინაო გამარჯვებით დასრულდა – 39:36, რამაც სტუმრებს ბონუსი გაატანა. „რასინგის“ სასტარტოში გამოჩნდა გია ხარაიშვილი, რომელმაც 47-ე წუთამდე იასპარეზა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო. სამწუხაროდ, გურამმა ტრავმა მიიღო და 18 წუთში თამაში დატოვა. იმედია, დაზიანება ნაკებად სერიოზულია, რადგან კარს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მოგვადგა, ხოლო „გოგიჩა“ ეროვნული ნაკრების ძირითად მარცხენა ბურჯად მოიაზრება. რაც შეეხება „ლა როშელს“, მის შემადგენლობაში 46-ე წუთზე 20 წლის სანდრო ქუნთელია გამოჩნდა.
მეხუთე-მეშვიდე ადგილებს „ბორდო“, „ბაიონი“ და „ლიონი“ ინაწილებენ. ბორდოელები კასტრში ბონუსით დამარცხდნენ – 18:23. მასპინძელთა შორის ბოლო 20 წუთი ლევან ჩილაჩავამ ჩაატარა, ხოლო სტუმართა სასტარტოში ლექსო ყაულაშვილი იყო, ვინც 55-ეზე დაასვენეს, თუმცა მანამდე, 28-ე წუთზე ქართველი 10 წუთით მინდვრიდან მიაბრძანეს.
„ბაიონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და ბონუსითაც დაამარცხა – 37:9. ხოლო „ლიონმა“ თავისი ბონუს-ქულა „კლერმონთან“ გამარჯვებას დაურთო – 34:18. ლიონელებში ბოლო 16 წუთი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დასახელებულმა ბექა საღინაძემ ითამაშა, ხოლო ვეტერანი დუდუ ქუბრიაშვილი შეხვედრაში 52-ე წუთიდან ჩაერთო.
კიდევ ორმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა მოწინააღმდეგე გუნდებში ითამაშა. ბექა გიგაშვილის ტულონმა გურამ პაპიძის „პოს“ 27:16 მოუგო. ბექამ 73 წუთი დაჰყო მინდორზე, ხოლო გურამმა – ბოლო ნახევარი საათი. აქვე გეტყვით, რომ გიგაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა. თვლაც აგვერია, მერამდენედ…
პრო დ2
მეორე ელიტურ დივიზიონში ლიდერმა „ოიონაქსმა“ უახლოეს მდევარ „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 25:26 წააგო. მიუხედავად ამისა, ოიონაქსელებს 14-ქულიანი ჰანდიკაპი ჯერაც აქვთ! მონტუაზელთა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ლაშა მაჭარაშვილმა შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. სხვათა შორის, მომავალი სეზონიდან ლაშა კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს.
ერთი მეტად საინტერესო მატჩის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ უამინდობის გამო არ შედგა „ორიაკისა“ და „გრენობლის“ შეხვედა, რომელშიც ერთბაშად 7 (!) ქართველს უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის – ნაკრების გაფართოებულ რაზმში მოხვედრილ მიხეილ ალანიასაც.
რახან გაფართოებული რაზმი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პრო დ2-ის გასულ ტურში კიდევ რამდენიმე ბორჯღალოსანმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ რაზმში მოხვდა. ესენი არიან თედო აბჟანდაძე, ოთარ გიორგაძე (ორივე – „მონტობანი“) და ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“). ევროპის მორიგ ჩემპიონატს კი საქართველოს ნაკრები 5 თებერვალს „ავჭალაზე“ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს.