გასულ სარაგბო უქმეებზე ევროპაში მხოლოდ საკლუბო ტურნირები გაიმართა და ცხადია, ქართველებმა როგორც ჩემპიონთა თასზე ითამაშეს, ისე ჩელენჯ კაპზეც. მთავარ ევროთასზე 5 ჩვენებური გამოჩნდა, რანგით მეორე ტურნირში – 7. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთმა კი სულაც ლელო გაიტანა.

ბორჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ მორიგი ტრავმა მოიშუშა, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მოლიდან გამოტანილი ბურთი „ბენეტონის“ ლელოშიც დაამიწა. პარიზელებმა ტრევიზოელებთან საბოლოოდ 32:35, ბონუსით დამარცხდნენ, თუმცა მერვედფინალში მაინც გავიდნენ.

No description available.„ცუცქოს“ გარდა „სტად ფრანსეს“ სასტარტოში ნორჩი სერგო აბრამიშვილიც იყო, რომელმაც 59-ე წუთამდე ითამაშა.

რახან ეს ამბავი ჩელენჯ კაპზე მოხდა, ბარემ ამ ტურნირის მიმოხილვას გავაგრძელებთ.

ბექა გიგაშვილმა მეორე იტალიური გუნდის, „ძებრეს“ წინააღმდეგ 70 წუთი ითამაშა, მისმა „ტულონმა“ 14:5 მოიგო და ასევე მერვედფინალში გავიდა. სხვათა შორის, გამოცდილმა ბორჯღალოსანმა ადგილი სრულიად ახალგაზრდა, 18 წლის დავით მჭედლიძეს დაუთმო, რომლის პროფესიული ნათლობაც სწორედ იმ მომენტში შედგა.

„პომ“ სამხრეთ აფრიკაში „ჩიტასთან“ ბონუსით – 6:9 წააგო და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. გურამ პაპიძემ ბოლო 27 წუთი ითამაშა.

აი, ვახტანგ ჯინჭარაძის „პერპინიანი“ კი ჯგუფში ჩარჩა – კატალონიელებმა „ბრისტოლთან“ გასვლაზე 19:33 წააგეს, ხოლო ჯინჭარაძემ დასკვნითი 26 წუთი ითამაშა.

ასევე პლეი-ოფს მიღმა დარჩა „ბაიონი“, რომელიც შინ უელსურ „სკარლეტსთან“ 7:20 წააგო. 18 წლის ბადრი ციხისთავმა ბასკთა რიგებში სრული მეორე ტაიმი ჩაატარა.

ჩემპიონთა თასზე კი, როგორც ითქვა, 5 ქართველის თამაში დაფიქსირდა. გიორგი კვესელაძის „გლოსტერმა“ ბორდოში 26:17 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა. ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 80-ვე წუთი ბორჯღალოსანმა შუამარბმა ითამაშა.

No description available.„რასინგ-92“ მძვინვარე „ლენსტერთან“ სტუმრად 10:36 დამარცხდა და ჩემპიონთა თასს დაემშვიდობა, პარიზელები ასპარეზობას ჩელენჯ კაპის მერვედფინალში გააგრძელებენ. მათ რიგებში მეორე ტაიმი გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა ითამაშეს. რაც შეეხება ირლანდიურ გრანდს, „ლენსტერმა“ თავისი 4 მატჩი ბონუსით მოიგო და თასის მოპოვების უპირველეს პრეტენდენტად ჩამოყალიბდა.

„კასტრმა“ ინგლისში სირცხვილი ჭამა – „ექსეტერთან“ 3:40 დამაცხდა და ამით ევროპული თავგადასავალი დაასრულა. ჩვენდა სანუგეშოდ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ლევან ჩილაჩავამ მატჩის პირველი ტაიმი სრულად ითამაშა და ბოლო 7 წუთიც მინდორზე გაატარა, თან ისე მაგრად იასპარეზა, რომ ჩემპიონთა თასის ტურის სიმბოლურშიც ამოყო თავი.

„კლერმონმა“ სამხრეთ აფრიკაში „სტორმერსთან“ 16:30 წააგო, პლეი-ოფში ვერ გავიდა, თუმცა რანგით მეორე ევროთასზე კი გადაინაცვლა. დუდუ ქუბრიაშვილმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

მერვედფინალები მარტის ბოლო უიქ-ენდზე გაიმართება. აქვე ჩამოვწერთ იმ წყვილებს, რომლებშიც ჩვენებურთა კლუბებიც ფიგურირებენ:

ჩემპიონთა თასი

ექსეტერი – მონპელიე

ლა როშელი – გლოსტერი

ლენსტერი – ალსტერი

ჩელენჯ კაპი

ტულონი   ჩიტასი

ბრისტოლი – კლერმონი

სტად ფრანსე – ლიონი

ლაიონსი – რასინგ-92

სკარლეტსი – ბრივი