„ბარსელონას” თავკაცი ჩავი შეცდა. „ხეტაფესთან” შეხვედრის წინ („ბარსამ” მოიგო 1:0), პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ დანი ალვეშის მდგომარეობას განიცდის, მაშინ როდესაც სწორი ქალებზე სექსუალური აგრესიის დაგმობა იქნებოდა. მოგეხსენებათ, ალვეშს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი.
მატჩის შემდგომ ჩავიმ მდგომარეობის გამოსწორება სცადა. მან თქვა:
„გულს მტკენს, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა დანის ჩაედინა, მაგრამ ამ საკითხში დიდი სიზუსტეა საჭირო. გუშინდელი ნათქვამის გამო ბოდიში მინდა მოვიხადო. „ბარსას” წარმოვადგენ და ამიტომ ჩემი სიტყვები მნიშვნელოვანია. გუშინ ნამდვილად არ მქონდა სასიამოვნო დღე. ვწუხვარ.
ჩემი სიტყვები სწორად ვერ გაიგეს ან მე უნდა დამეზუსტებინა რას ვგულისხმობდი. ისე გამოვიდა თითქოს მსხვერპლს იგნორირება გავუკეთე, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენდერულ ძალადობას და გაუპატიურებას გამართლება არ აქვს. სულერთია ამაში დანი იქნება დამნაშავე თუ ვინმე სხვა”.
რაც შეეხება „ხეტაფესთან” შეხვედრას, „ბარსელონას” ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე პედრიმ გაიტანა. „ბლაუგრანას” 17 თამაშის შემდეგ 44 ქულა აქვს და ლა ლიგის ცხრილში ლიდერობს. მეორეზეა „რეალი”, რომელმაც წუხელ ბილბაოში ქარიმ ბენზემას და ტონი კროოსის გოლებით 2:0 გაიმარჯვა.