Fiorentina goalkeeper Pierluigi Gollini in action during the UEFA Europa Conference League group A match between Heart of Midlothian and ACF...
პიერლუიჯი გოლინი

25 წლის ალექს მერეტმა „ნაპოლის” გულშემატკივარს თავი შეაყვარა, არადა მანამდე წლობით კოლუმბიელი დავიდ ოსპინას ჩრდილში იყო. ბოლო შეხვედრაში „სალერნიტანასთან” მას საქმეში სერიოზულად ერთადერთხელ მოუხდა ჩართვა, მაგრამ ისე ითამაშა, რომ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენციაზე შეაქო. მერეტს „აძურისთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, მისმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ კი „რაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა:

„მე „ნაპოლის” ხელშეკრულების განახლებაზე ველაპარაკები, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ მერეტის შეძენით ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულები. ისინი სეზონის დასრულებას ელოდებიან”.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ხშირად იწერებოდა, თითქოს „ნაპოლი” ცნობილი კოსტა რიკელი მეკარის კეილორ ნავასის ყიდვას აპირებდა, მერეტი კი უნდა გაეყიდათ.

პასტორელო: „მას რთული დღეების გადალახვა მოუხდა. ისე ჩანდა, რომ მერეტს გაყიდვასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ როგორც დიდმა სპორტსმენმა და ძლიერმა პიროვნებამ ყველაფერს გაუძლო”.

ამასობაში კი „ნაპოლიმ” და „ფიორენტინამ” მეკარეები გაცვალეს. ნეაპოლიდან ფლორენციაში გაემგზავრა სალვატორე სირიგუ, ხოლო ვეზუვის ძირში პიერლუიჯი გოლინი გადმობარგდა — მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ წრეში იდგა კარში „აძურისთან” შეხვედრაში. ის შეხვედრა 0:0 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 61 წუთი დაჰყო მოედანზე და მერე იგი ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა.

„გოლინის რასაკვირველია კარგად ვიცნობ, — თქვა მერეტმა ახალი კონკურენტის შესახებ, — ჩვენ რამდენჯერმე ერთად ვიყავით ნაკრებში გამოძახებული. ვიცი, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია და რასაკვირველია დიდ დახმარებას გაგვიწევს”.