ფედერიკო კიეზამ, რომელიც „ნაპოლისთან” 1:5 წაგების შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად გააკრიტიკეს, „მონცასთან” სათასო შეხვედრაში გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან” მასიმილიანო ალეგრიმ მას მარჯვენა ფრთის კონტროლი დაავალა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ კიეზამ ქართველის გაუვნებელყოფაში თანაგუნდელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. იტალიელს 378 დღის განმავლობაში მეტოქის კარში ბურთი არ ჰქონდა გატანილი და აი, ნავსი გატყდა.
ენრიკო კიეზას 26 წლის ვაჟს ბოლოს 2022 წლის 6 იანვარს, ტურინში, სწორედ „ნაპოლისთან” შეხვედრაში გაუტანია. მაშინ „პარტენოპეელთაგან” დრის მერტენსმა გახსნა ანგარიში.
„2022 წელი ჩემთვის ცუდი იყო, — თქვა კიეზამ თასის მერვედფინალში 2:1 გამარჯვების შემდეგ, — საბედნიეროდ, კვლავ გავიტანე. ახლა ძველებურად ფორმაში უნდა ჩავდგე, ძალა მოვიკრიბო და სამ დღეში ერთხელ მოედანზე გასვლა შევძლო. ეს გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.
კიეზა ორიოდ სიტყვით „ნაპოლისთან” მწარე მარცხსაც დაუბრუნდა: „ნეაპოლში წაგებას კონკრეტული პასუხი სჭირდებოდა. ჩვენ იქ ცუდად ვითამაშეთ, საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით. დღეს, მინდა „მონცას” მივულოცო, მან ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ ჩვენც ყურადღებით დავხვდით.
კლუბის ახალ ხელმძღვანელობაზე რას ვიტყვი? მთავარია, კითხვებს პასუხი მოედანზე გავცეთ, უკეთ და უკეთ ვითამაშოთ. თამასა უნდა ავწიოთ. ახლა ჯობს „ატალანტასთან” შეხვედრაზე ვიფიქროთ და „იუვე” დავაბრუნოთ იქ, სადაც მისი ადგილია”.
„მონცასთან” სათასო შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე მოის კინმა გახსნა. 24-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მატია ვალოტიმ გაათანაბრა, 78-ეზე კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კიეზამ გამარჯვების გოლი შეაგდო.