„ინტერმა” იტალიის სუპერთასი შთამბეჭდავად მოიპოვა — თანაქალაქელ მოქიშპეს, საუკუნოვან გამღიზიანებელ „მილანს” 3:0 მოუგო. შეხვედრა, ისევე როგორც ესპანეთის სუპერთასი, საუდის არაბეთში გაიმართა. „ნერაძურიმ” ჯილდო მეშვიდედ მოიპოვა და… „მილანს” გაუტოლდა.
ეს გახლდათ 234-ე „დერბი დე ლა მადონინა”, რომელიც პირველად გაიმართა საუდეთში. ანგარიში მე-10 წუთზე მცველმა ფედერიკო დიმარკომ გაიტანა. 21-ე წუთზე 36 წლის ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მეორე შეაგდო, 77-ზე კი არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაასამა.
აქამდე მწვრთნელის რანგში იტალიის სუპერთასი ოთხჯერ მარჩელო ლიპისა და ფაბიო კაპელოს ჰქონდათ მოპოვებული. ახლა ამ ორ დიდ სახელს სიმონე ინძაგიც შეემატა.
„ინტერის” ბანაკში ბუნებრივია დიდი ზეიმი გაიმართა, მაგრამ ყველაზე გახარებული ჰაქან ჩალჰანოღლუ გახლდათ, რომელსაც მილანელთაგან და კერძოდ ყოფილი თანაგუნდელისგან ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან მწარე სიტყვები ახსოვდა. ერ რიადში თურქმა შურისძიებისთვის მომენტი იხელთა და „როსონერიზე” ნიშნისმოგებით ილაპარაკა.
„მათ შიოდათ და მალე გავუშვით სახლში. ჩვენ „მილანი” გადავყლაპეთ. ამიერიდან პატივისცემით ილაპარაკებენ ჩვენზე. მორჩა, ახლა ჩემპიონატზე გადავერთვებით. სკუდეტო? გვწამს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. 2023 წელი „ნაპოლისთან” შესანიშნავი გამარჯვებით დავიწყეთ, შემდეგ კი მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა — „მონცასთან” ფრედ ვითამაშეთ. საბედნიეროდ, მას მერე ზედიზედ სამჯერ გავიმარჯვეთ — „პარმასთან”, „ვერონასთან” და აგერ, „მილანთან”. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ. მე ჩვენი გუნდის მწამს”.