„იტალიის” თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” ხვდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ კვარაცხელია არ ითამაშებს, რადგან ლუჩანო სპალეტიმ „აძურის” წამყვან ფეხბურთელთა დასვენება გადაწყვიტა, ლოჩოშვილის ამბავი კი უცნობია — ათამაშებს თუ არა ქართველ მცველს კრემონელთა ახალი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გვიან საღამოს გამოჩნდება. ბალარდინის „კრემონეზეში” დებიუტი აქვს.

„ილ მატინო” იუწყება, რომ „ნაპოლი” და „კრემონეზე” „დიეგო მარადონაზე”, რომელსაც ადრე „სან პაოლო” ერქვა, იტალიის თასზე, ისტორიაში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი ორი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. 19 წლის წინ, 1994 წლის 26 ოქტომბერს „პარტინოპეელებმა” 3:0 მოიგეს, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 1981 წლის 30 აგვისტოს მათ 1:0 გაიმარჯვეს.

ეს იყო სულ ახლახან გარდაცვლილი გამოჩენილი იტალიელი თავდამსხმელის ჯანლუკა ვიალის პირველი გასვლა ნეაპოლის სტადიონზე, სადაც შემდეგ, კარიერის განმავლობაში, „სამპდორიას”, „იუვენტუსის” თუ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბევრჯერ უთამაშია.

მაშინ ვიალი 17 წლის იყო. ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ „კრემონეზეში” გამოდიოდა და დაუპირისპირდა გუნდს, რომელიც წინა სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოდა. მაშინ „ნაპოლის” თვალსაჩინო ვარსკვლავი ჰოლანდიელი რუუდ კროლი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ წინა სეზონში, 1980 წლის 23 ნოემბერს მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა ნეაპოლში.

ხსენებულ შეხვედრაში ვიალი კრემონელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე კლაუდიო პელეგრინიმ გაიტანა. „აძურის” თავკაცობდა ჯენტლმენად ცნობილი რინო მარკეზი. ნეაპოლელებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც ამას გულშემატკივარი ელოდა და ტრიბუნებმა გუნდს უსტვინა.

1981-82 წლების სეზონი ნეაპოლელთათვის კარგი არ გამოდგა — დიეგო მარადონას ჩამოსვლამდე ჯერ შორს იყო. რაც შეეხება ვიალის, ის 1984 წლამდე დარჩა „კრემონეზეში”, შემდეგ კი „სამდორიაში” გადავიდა და იქ უკვე დიდ ფეხბურთს ეზიარა.