ეს იყო „ნაპოლის” ფანებისთვის დაუვიწყარი საღამო. მათმა გუნდმა „იუვენტუსი” გაანადგურა, ცხრილში 10 ქულით ჩამოიტოვა და ახლა, ისე როგორც არასდროს, სკუდეტოზე ოცნება უკვე გახელილი თვალებით შეუძლიათ. „მარადონაზე” „აძურიმ” ვარსკვლავურად ითამაშა, 5:1 მოიგო და ისტორია დაწერა: ეს გახლდათ ისტორიაში ნეაპოლელთა ყველაზე დიდი გამარჯვება „იუვესთან”, რომელსაც კონკრეტულად ორი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს. ნიგერიელმა ცენტრ-ფორვარდმა ორჯერ გაიტანა და 12 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა ლიდერია.
კვარა დაბრუნდა
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერისა” და „სამპდორიას” წინააღმდეგ დათრგუნული ჩანდა, კვარაცხელიასთვის 2023 წლის დასაწყისი მაინც დაუვიწყარი გამოვიდა. „იუვენტუსთან” მატჩი იყო ის, რომელშიც ხვიჩა კვლავ თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა და კლასი აჩვენა. მან ფრთაზე დანილო კინაღამ გააგიჟა და გოლების გატანაც განაგრძო — ანგარიში 2:0 გახადა. ეს იყო მისი მეშვიდე გოლი ჩემპიონატში. და ამ გოლს მოჰყვა ლაღი ზეიმი, რომლის დროსაც მან ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამ მომენტიდან მოყოლებული 77-ე ნომრის ნიჭი აღარ მინავლებულა — მეორე ტაიმში მან კიდევ ორი საგოლე პასი ჩააწოდა: პირველად კუთხურიდან რაჰმანის გაატანინა, შემდეგ კი კვლავ ოსიმენს დაასვა ბურთი. მატჩის ბოლოს „მარადონა” მას ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო, ტრიბუნებზე კი სადაც მისი არაერთი თანამემამულე იჯდა საქართველოს ბევრი დროშა ფრიალებდა
არადა, შეიძლებოდა შავ-თეთრი ყოფილიყო
ეს იყო ნამდვილი ბედის ოინი, რადგან ყაზანის „რუბინისა” და ბათუმის „დინამოს” ყოფილ ფეხბურთელს შეიძლებოდა „იუვენტუსის” მაისური ცმოდა. 2021 წელს „შავ-თეთრებს” მის ტურინში ჩაყვანამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდათ. პარატიჩის მისთვის წინასწარი კონტრაქტი უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ „იუვენტუსის” სპორტული დირექტორი „ტოტენჰემში” გადავიდა, მისი წასვლის შემდეგ კი კლუბმა ქართველის შეძენაზე აღარ ისურვა. და აი შედეგიც, ის ვეზუვის ძირშია, „ნაპოლის” მაისურა აცვია და ანადგურებს გუნდს, რომელიც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო.
ჯოვანი ანუნციატა, calciomercato