Khvicha Kvaratskhelia of Napoli in action during a training session on January 12, 2023 in Naples, Italy.დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ასე ილაპარაკა:

„კარგად მესმის, რომ ალეგრისთვის თავის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად წარმოჩენა მოხერხებულია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ „იუვენტუსი” ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის და მისი ფავორიტობის დამალვა შეუძლებელია. ამ კლუბში მუდმივად ხორციელდება ინვესტიციები, რომელთა მიზანი სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა. მოკლედ, ქუდის დახურვასა და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს. „იუვენტუსს” მეოთხე ადგილი არასდროს დააკმაყოფილებს”.

შემდეგ სპალეტი ალეგრის ქებაზე გადავიდა: „ის საუკეთესო მწვრთნელია, მის წინაშე ქედს ვიხრი. ჩემი მასთან შედარება არ შეიძლება. მე მისი დონის მწვრთნელების კატეგორიაში არ გავდივარ. ის ჩემზე მაღლა დგას. მე მისგან ვსწავლობ”.

რაც შეეხება ხულიგნებს: „მოძალადეები შინ უნდა ისხდნენ. მათ სტადიონებზე არაფერი ესაქმებათ. სპორტი ჩვენს შვილებს, ქალებს და ოჯახებს ეკუთვნის. ისინი ფულს იხდიან, რათა შოუში მიიღონ მონაწილეობა”.

და ბოლოს მატჩის შესახებ: „ორივე გუნდი მოგებას შეეცდება. დიდი შოუ გაიმართება. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ბალანსი არ უნდა დავკარგოთ. საკუთარ თავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ”.