Robert Lewandowski of FC Barcelona battles for possession with Juan Miranda of Real Betis during the Super Copa de España semi-final match between...„ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ოცდამეხუთედ ითამაშებს — ეს რეკორდია. მან ნახევარფინალში „მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე” „ბეტისს” პენალტების სერიაში მოუგო, თუმცა მანამდე VAR-მა ორი გოლი არ ჩაუთვალა.

Frenkie de Jong of FC Barcelona wins a header before Nabil Fekir of Real Betis during the Super Copa de España semi-final match between Real Betis...სუპერთასის ცამეტგზის გამარჯვებულმა პედრისა და გავის ახალგაზრდული წყვილის გამოისობით თავიდანვე სწრაფი ფეხბურთი გააჩაღა. სწორედ პედრი იყო ის მოთამაშე, რომელმაც 23-ე წუთზე „ბეტისის” კარში პირველი გოლი შეაგდო, მაგრამ საქმეში VAR ჩაერია და ორიოდ სანტიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა დაადგინა. შემდეგ „ბეტისმა” თამაშს გემო გაუგო, კუთხურიდან ერთი ხიფათიც შექმნა მეტოქის კართან და ის-ის იყო მშვიდდებოდა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმოში ოსმან დემბელეს პასი მიიღო, მცველსა და მეკარესთან ბრძოლაში გაიმარჯვა და პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში „ბეტისმა”, რომელიც სუპერთასზე მეორედ მონაწილეობდა, თამაშის სურათი ვერ შეცვალა, უპირატესობა ისევ კატალონიელებისა იყო. 63-ე წუთზე კი „ბარსას” თავკაცმა ჩავიმ მოედანზე ფრენკი დე იონგის ნაცვლად სერხიო ბუსკეტსი შეუშვა — ვეტერანი ნახევარმცველისთვის ეს „ბლაუგრანას” შემადგენლობაში მე-700 შეხვედრა იყო, — მაგრამ ცვლილებამ თამაში ვერ დაამშვიდა, „ბეტისმა” კი 77-ე წუთზე ანგარიში გაქვითა. ეს 29 წლის ფრანგმა ნაბილ ფეკირმა ბრაზილიელ ლუიშ ენრიკესთან კომბინაციის გათამაშების შედეგად შეძლო.

81-ე წუთზე ლევანდოვსკიმ კიდევ გაიტანა გოლი, ოღონდ საქმეში ისევ ჩარია VAR, რომელმაც კვლავ „ბეტისის” სასარგებლოდ განსაჯა. შეხვედრის ძირითადი დრო იმით დასრულდა, რომ ანსუ ფატიმ სახიფათოდ დაარტყა სევილიელების კარში, მაგრამ კლაუდიო ბრავომ აუღო.

დამატებით დროში გუნდებს დაღლა არ დატყობიათ. 93-ე და 101-ე წუთებზე მათ გოლები გაცვალეს. ჯერ ბარსელონელმა ფატიმ გაიტანა, შემდეგ კი ლორენ მორონმა ქუსლურით გაქვითა. 116-ე წუთზე განსხვავებული მდგომარეობიდან ფატიმაც სცადა ქუსლურით გოლის შეგდება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. „ბეტისის” 36 წლის მექსიკელმა ნახევარმცველმა ანდრეს გუარდადომ 112-ე წუთზე პირველი ყვითელი მიიღო, 118-ზე კი მეორე და მოედანი დატოვა.

პენალტებში „ბარსამ” იმარჯვა. კვირას, 15 იანვარს, ერ რიადში, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ  კლასიკო” გაიმართება — „რეალი” „ბარსელონას” დაუპირისპირდება.