საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, „რეალმა” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” პენალტებით მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მოკლედ ვთქვათ, „ღამურებს” ყველა თამაშის ამ დონეზე ჩატარება რომ შეეძლოთ, ლა ლიგის ცხრილში გაცილებით წინ იქნებოდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ მეკარეს, AS-მა თავის მიმოხილვას ასეთი შესავალი გაუკეთა: „ბელგიელმა გოლკიპერმა (მადრიდელ ტიბო კურტუაზეა ლაპარაკი) „რეალი” პენალტების სერიით ფინალში გაიყვანა. მანამდე გმირი ძალიან გულმოდგინე „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო”.

AS-მა წერილში აქცენტი „რეალის” ჩავარდნაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან ცუდი პერიოდი გუნდს უფრო ადრე დაეწყო. საბოლოოდ, მადრიდელები სუპერთასის ფინალში პენალტებით მეკარის გასაყვანი გახდნენ. „გამარჯვება პენალტებით მოვიდა, „რეალი” კურტუას იყო ჩაბღაუჭებული. ის ეთამაშებოდა სოლიდურ „ვალენსიას”, რომელსაც საუცხოო მამარდაშვილი ჰყავს და მათ საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მიიყვანეს”, — დაწერა AS-მა. შემდეგ, მამარდაშვილთან დაკავშირებით, გაზეთი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ის ეპიზოდს, როდესაც ვინისიუს ჟუნიორი ქართველ მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ ვერ აჯობა.

გიორგის თამაშით აღფრთოვანებულია „მარკაც”. პენალტების სერიის აღწერისას მადრიდული გაზეთი ამბობს: „მამარდაშვილს, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა, მოდრიჩის დარტყმის მოგერიება შეეძლო…”

„ჩეების” თავკაცმა ჯენარო გატუზომ, რომელმაც მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი გუნდით ძალიან ამაყობს, მეკარეებზე ასე თქვა:

„კურტუა ის გოლკიპერია, რომელიც წლების განმავლობაში წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესოში შედის. რაც შეეხება მამარდაშვილს, ისიც გაუმკლავდა 4 თუ 5 ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას. დღეს უბრალოდ იღბალმა გვაქცია ზურგი. ფეხბურთელობის დროს პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონობა მომიგია და ვიცი, რომ ასეთ დროს ბედმა უნდა გაგიღიმოს”.

საბოლოოდ, ესპანური პრესა თანხმდება, რომ „ვალენსია” სუპერთასიდან შინ ამაყად თავაწეული ბრუნდება, „რეალი” კი ფინალში „ბარსელონასა” და „ბეტისის” დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულს ელის.