ultras Naples clashes13 იანვარს სერია A-ში პრინციპული მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” მასპინძლობს. ამ შეხვედრას სპორტულ ღონისძიებათა ზედამხედველობის ეროვნულმა სამსახურმა მაღალი რისკის კატეგორია მიანიჭა. ხსენებული ორგანოს შემდეგი სხდომა ხვალ გაიმართება. მან უნდა განიხილოს დამატებითი ინფორმაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კვირას მომხდარი ინციდენტები, შეიმუშაოს ახალი რეკომენდაციები და მიაწოდოს შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოსის.

ჯერჯერობით, რეკომენდაციები ასეთია: „მარადონაზე” დასასწრები ბილეთები მიჰყიდონ „იუვენტუსის” მხოლოდ იმ ფანებს, რომლებიც ტურინული კლუბის ეგრეთწოდებულ ერთგულების პროგრამაში შედიან; ტრიბუნებზე, რომლებზეც მასპინძელთა გარდა სხვა ქომაგების შესვლაც არის ნებადართული, ბილეთები მიჰყიდონ მხოლოდ კამპანიელებს და „ნაპოლის” ერთგულების პროგრამის წევრებს; მკაცრად გააკონტროლონ, რომ არ მოხდეს ბილეთების გადაცემა ანუ ჩატარდეს პრე-ფილტრაცია და ფილტრაცია, ბილეთის მფლობელთა პირადი მონაცემების შემოწმების გზით — ბილეთის წარმდგენის მონაცემები უნდა შეადარონ მისი მყიდველის მონაცემებს.

„ილ მატინო” წერს, რომ გასულ ტურში დააკავეს „ნაპოლის” ფანები, რომლებსაც გენუაში „სამპდორიასთან” შეხვედრაზე დასასწრებად საბარგულში რკინის ხელკეტები მიჰქონდათ. A1 ტრასაზე ერთმანეთს „რომასა” და „ნაპოლის” გულშემატკივრებიც დაერივნენ. ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. როგორც იცით, „რომა” და „ნაპოლი” წინა ტურში ერთმანეთს არ ხვდებოდნენ.

პოლიციამ მილანში (სადაც „მილანი” რომას” ეთამაშა) დედაქალაქიდან ჩასული ასამდე  ქომაგი ამოიცნო, გენუაში კი „ნაპოლის” დაახლოებით 80 ულტრასი დათვალეს.

მომავალ ტურში „ინტერი” — „ვერონა” (14 იანვარი), და „ატალანტა” — „სალერნიტანა” (15 იანვარი) გამოცხადდა რისკის შემცველ თამაშებად, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლი” — „იუვენტუსის” შეხვედრისგან განსხვავებით მათ სიტყვა „მაღალი” არ დაამატეს. რეკომენდაციაა გაზარდონ სტიუარდების რაოდენობა და გააძლიერონ პრე-ფილტრაციის და ფილტრაციის პროცესი.

მაღალი რისკის თამაშები მხოლოდ სერია A-ში როდია, ასე რომ იტალიელ წესრიგის დამცველებს მოახლოებულ უქმეებზე გვარიანი სამუშაო ელით.