„ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ათიოდ წუთით გვიან იმიტომ დაიწყო, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ უშველეს.
რაც შეეხება თავად მატჩს, „მარკა” მას მსოფლიოს ჩემპიონატის კონტექსტში განიხილავს და წერს, რომ შემოდგომაზე ჩატარებულმა მუნდიალმა ჯენარო გატუზოს გუნდს ცუდი საქმე გაუკეთა. ატიპიური შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „ღამურებმა” ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს. გულშემატკივარი განიცდის, რომ გუნდი სტაბილურობისგან ჯერ ძალიან შორს არის.
„მარკა” წერს, რომ იტალიელი მწვრთნელი ჩემპიონატის განახლებას ყოველგვარი სიახლის გარეშე შეხვდა. ზაფხულში „ვალენსია” დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა კარლოს სოლერმა და გონსალო გედეშმა, რამაც ის აშკარად დაასუსტა. გაურკვევლობა იზრდება. ნელ-ნელა იკვეთება, რომ ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლა „ჩეების” ძალებს აღემატება.
ესპანური გაზეთის აზრით გატუზოს ეფექტმა დასაწყისში იმედი გააჩინა, თუმცა შემდეგ გუნდმა სტაბილური თამაში ვერ აჩვენა, ხოლო იანვარს, როდესაც მწვრთნელები შემადგენლობებს ახალი შენაძენებით აძლიერებენ, „ვალენსია” კვლავ ძველი ხალხით შეხვდა.
„იმის გამეორებაზე, რომ გაძლიერება გვჭირდება მეტ ენერგიას ვეღარ დავხარჯავ. არ შემიძლია ჩემი ძალ-ღონის 2% ერთისა და იმავეს ლაპარაკს შევალიო. კლუბმა კარგად იცის რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. მე კი მთელს ძალას გუნდზე ვხარჯავ”, — თქვა გატუზომ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
— გაწუხებთ ის ფაქტი, რომ გუნდს სუსტი დაცვა ჰყავს? — ჰკითხეს იტალიელს.
— ვფიქრობ ეს მხოლოდ დაცვის კი არა, მთელი გუნდის პრობლემაა. გადმოგდებული ბურთებზე ნახევარდაცვამ მეტად უნდა იყოჩაღოს, გვაკლია აგრესიულობა თავდასხმაში. გახსოვთ როგორ გავუშვით გოლი? მეტოქემ ბურთით 50 მეტრი ირბინა. მისი ასე გატარება მხოლოდ ილიაშ მორიბას ბრალი არ იყო. ეს მთელი გუნდის შეცდომა იყო. მორიბას უგო გილამონიც უნდა დახმარებოდა.