რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და იმედგაცრუებას ასახელებს. ცხადია, გამოცემამ „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაც შეაფასა. „ინტერმა” ედინ ჯეკოს გოლით 1:0 მოიგო და „ნაპოლისთან” სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა.
გაზეთი წერს, რომ 2023 წლის პირველი შეხვედრა „აძურისთვის” იმ ვარსკვლავური შემადგენლობის კვალობაზე, რომელიც მოედანზე ჰყავდა, მოსაწყენი გამოვიდა.
„კორიერე დელო სპორტის” აზრით მატჩის გმირი იყო „ინტერის” ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრირებული გახლდათ, მეორე ნახევრის მე-11 წუთზე კი მშვენიერი თავურით გამარჯვების გოლი შეაგდო. ჯეკოს სტუმრების დაცვა მუდმივად დაძაბული ჰყავდა. სერია A-ს ჩემპიონატში მისი მეშვიდე გოლი „ინტერისთვის” საჩემპიონო ცეცხლის შემნთები გამოდგა.
იმედგაცრუებად კი რომაული გაზეთი ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს. ის წერს, რომ მათ ნაპერწკალი ჰქონდათ ჩამქრალი.
„სასწაულმოქმედმა წყვილმა ვერ იმუშავა — წერს „კორიერე დელო სპორტი”, — ნიგერიელმა თავდამსხმელმა საჯარიმოში კარგი მოძრაობით თავი მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმის დასაწყისში შეგვახსენა, ქართველი გარემარბი კი ფრთაზე ორიოდ „რეპლიკით” შემოიფარგლა”.