„ილ მატინო” წერს, რომ ლუჩანო სპალეტის დამარცხებაზე არანაკლებ ჭორების ეშინია. ოთხშაბათ საღამოს „ინტერთან” 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა სცადა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხის სიმწარე გადაელახა და ცხოვრება გაეგრძელებინა, რაც სწორი დამოკიდებულებაა. შეგახსენებთ, რომ „ინტერთან” წაგებამდე „აძურის” ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” დაუცდა ფეხი, მაგრამ იმ მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. „ნერაძურისთან” თამაშის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე სპალეტიმ ჯერ მსუბუქად უსაყვედურა თავის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით შეტევის ხაზს, შემდეგ კი თქვა:
„გუნდს ჭორებისგან თავდაცვის უნარი უნდა ჰქონდეს. ბოლო პერიოდში რა არ წავიკითხეთ ჩვენს შესახებ. აქ ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ ვცდილობთ ამ ხმებისგან თავი შორს დავიჭიროთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მასში სერიოზული ფეხბურთელები თამაშობენ და ეჭვი არ მეპარება, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ყველაფერს თავიდან დავიწყებთ”.
„ნაპოლის” თავკაცს გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ მას მილანში გამგზავრების წინ დაყრილი ხმები არ მოეწონა. ერთ-ერთი, რაც სპალეტის დანამდვილებით არ ესიამოვნა ნეაპოლელი მწერლის რობერტო სავიანოს ინტერვიუ იყო, რომელშიც რესპონდენტი ძველი გულშემატკივრების მსგავსად ნეაპოლელთა წინააღმდეგ შეთქმულებაზე ალაპარაკდა. კვლავ გაცოცხლდა ისტორიები იმის შესახებ, რომ 2017-18 წლების სეზონის 35-ე ტურში მაურიციო სარის „ნაპოლიმ” სკუდეტო „სასტუმროშივე წააგო”, როდესაც ტელევიზორში ნახა, როგორ მოუგო „იუვენტუსმა” „ინტერს” მილანში 3:2. მეორე დღეს დათრგუნული „აძური” ფლორენციაში „ფიორენტინასთან” 0:3 დამარცხდა.
სპალეტის უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ჭორებს ყური არ დაუგდონ. მათ არ უნდა დაიჯერონ, რომ სკუდეტოს ბედს ვიღაც სადღაც წყვეტს. ბრძოლა მოედანზეა საჭირო.
4 იანვარს ზედიზედ 11 გამარჯვების შემდეგ მისმა გუნდმა „სან სიროზე” წააგო, მაგრამ იყო მთელი რიგი დადებითი მხარეები. თუნდაც ის, რომ ბურთის ფლობის პროცენტი „ნაპოლის” სასარგებლო იყო — 63. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სტატისტიკა შეხვედრის ბედს არ განაპირობებს.