„ნაპოლის” საფიქრალი და საზრუნავი მხოლოდ ის არ არის, რაც მოედანზე ხდება. მართალია, სერა A-ს ჩემპიონატი მალე განახლდება და მთელი ყურადღება მილანისკენ არის გადატანილი, სადაც 4 იანვარს „აძურის” „ინტერთან” მოელის მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ფეხბურთელებთან საკონტრაქტო საკითხებიც წესრიგშია მოსაყვანი.
ამირ რაჰმანი და ჯოვანი დი ლორენცო მალე ახალ კონტრაქტზე მოაწერენ ხელს. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და სტანისლავ ლობოტკამ ეს უკვე გააკეთეს. გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, პიოტრ ჟელინსკი კი მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ვადა 2024 წელს გაუდის, ჯერ მოლაპარაკებების დასაწყისშია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გასულ ზაფხულს პოლონელს ნეაპოლიდან წასვლამდე ცოტა დააკლდა. „აძურიში” ჯაკომო რასპადორის დამატებამ და 4-2-3-1 სქემაზე გადაწყობამ 28 წლის ნახევარმცველს გაუჩინა ეჭვი, რომ გუნდში მისი ადგილი აღარ იყო. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა — ლუჩანო სპალეტიმ იფიქრა, რომ თუ 4-3-3 სისტემით ითამაშებდა, ჟელინსკი სტაბილური გახდებოდა და მართალიც აღმოჩნდა — „ვერონასთან” შეხვედრიდან მოყოლებული „ნაპოლის” ნახევარდაცვის ხაზი უცვლელია: ანგისა-ლობოტკა-ჟელინსკი. და აი, დადგა პოლონელის კონტრაქტის გადახედვის დრო.
პიოტრი ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს. ქალაქს ჩინებულად შეეწყნენ მისი მეუღლე და ვაჟიც. ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ ძაღლთან ერთად რეგიონულ პარკად გამოცხადებულ კამპი ფლეგრეიში, სხვაგან გადასვლას არ ჩქარობენ. არადა, პრემიერლიგიდანაც კი იყო შემოთავაზება. მეორე მხრივ დადგა დრო ფეხბურთელმა თავისი პირობები წამოაყენოს. ჟელინსკი იმ ასაკშია, როდესაც სავარაუდოდ ბოლო დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ამ შანსის გაშვება მისი მხრიდან სწორი არ იქნება. ამიტომაც გახდა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრა საჭირო, დე ლაურენტისი კი ის კაცია, რომელიც ფეხბურთელებს ხელფასებს სიხარულით ნამვილად არ უზრდის.
მაგრამ, ასეა თუ ისე, თებერვლიდან „ნაპოლის” ტრანსფერების შეფს კრისტიანო ჯიუნტოლის ჟელინსკისთან მოლაპარაკება და მისი სურვილების გათვალისწინება მოუწევს და როგორც „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, თუ მხარეები ზაფხულამდე საერთო ენას ვერ გამონახავენ, პოლონელი სატრანსფერო ბაზარზე დაიწყებს ფიქრს. არც კლუბს ენდომება იგივე დაემართოს, რაც ლორენცო ინსინიეს შემთხვევაში მოუვიდა, როდესაც ფეხბურთელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე მიუშვა.
ამიტომაცაა, „ნაპოლი” ყველა ვარიანტს რომ ითვალისწინებს და ალტერნატიულ ვარიანტებსაც ეძებს. ლაპარაკობენ 20 წლის სერბული წარმოშობის გერმანელ ლაზარ სამარჯიჩსა და 22 წლის მაროკოელ აზედინ ოუნაჰიზე.