გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” უჩვეულო დროს ჩასმული მუნდიალით გამოწვეული შემოდგომა-ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიურ „ალკმაართან” 1:3 წააგო. თავად შეხვედრაც უჩვეულო იყო, რადგან ჯენარო გატუზომ ის რაღაცნაირად მიაბა მეორე საკონტროლო მატჩს „ვალენსია მესტალიასთან”, თუმცა ჯამში „ალკმაართან” მაინც ცალკე თამაში გამოვიდა, უბრალოდ, იტალიელმა მწვრთნელმა 70-ე წუთზე მთელი შემადგენლობა შეცვალა.

AS წერს, რომ „ჩეებს” ძალიან აკლდათ ედინსონ კავანი, სამუ კასტილეხო და ხესუს ვასკესი, ხოლო „მარკა” გვარების დასახელების გარეშე ამბობს, რომ გუნდს აშკარა პრობლემა ჰქონდა თავსა და ბოლოში ანუ შეტევასა და დაცვაში. საბოლოოდ, ესპანური პრესა თანხმდება იმაზე, რომ „ვალენსიამ” დაცვის უხეში შეცდომების გამო წააგო.

„ვალენსია” ლა ლიგის ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო „ალკმაარი” ერედივიზიეს ცხრილში მეოთხეა და ლიდერ „ფეიენოორდს” 4 ქულით ჩამორჩება. „მარკა” წერს, რომ პატარა სტადიონებს თავისი დადებითი მხარე აქვს — მწვრთნელების შეძახილები ისმის. „ანტონიო პუჩადესზე” გატუზო ყვირილს განსაკუთრებით მაშინ აძლიერებდა, როდესაც ატყობდა, რომ მისი ფეხბურთელები შეტევიდან დაცვაში გადაჯგუფების დროს პოზიციებს კარგავდნენ და სწორად ვერ ლაგდებოდნენ.

გიორგი მამარდაშვილმა ორიოდ ეპიზოდში იხსნა გუნდი.