ვიდრე მსოფლიო ყატარში ლეო მესისა და მისი არგენტინის გაჩემპიონების პროცესს აკვირდებოდა, უფრო ჩრდილოეთით, ევროპაში რუტინული სარაგბო მოვლენები ვითარდებოდა. გაიმართა ტური ჩემპიონთა თასზე, ჩელენჯ კაპზე და საფრანგეთის პრო დ2-ში.

No description available.ჩემპიონთა თასი

მეორე ტურში სამმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა და სამივეს გუნდმა მარცხი განიცადა. სასიხარულო იყო, რომ გიორგი კვესელაძე სრულად გამოჯანმრთელდა და „ლენსტერის“ წინააღმდეგ თავისი „გლოსტერის“ ღირსება 80-ვე წუთში დაიცვა, თუმცა, ინგლისური კლუბი ირლანდიაში სასტიკად განადგურდა – 0:57.

„ბორდომ“ აფრიკულ „შარქსს“ უმასპინძლა და ბონუსით დაკმაყოფილდა – 16:19. ფრანგთა შორის ლექსო ყაულაშვილმა პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა, 4 წუთი დაისვენა, ტრავმირებული პარტნიორი შეცვალა და ბოლომდეც დარჩა. სტუმართა შერკინებას კი, როგორც ცნობილია, ქართველი სპეციალისტი აქვსენტი გიორგაძე წვრთნის.

ასევე ბონუსი მიიღო „კლერმონმაც“, რომლის შერკინებასაც ქართველი ავარჯიშებს – დავით ზირაქაშვილი. ფრანგული კლუბი ინგლისში „ლესტერთან“ 16:23 დამარცხდა და მის რიგებში საწყისი 49 წუთი დუდუ ქუბრიაშვილმა ჩაატარა.

No description available.ჩელენჯ კაპი

რანგით მეორე ევროთასზე ქართველთა წარმომადგენლობა ბევრად სოლიდური იყო. „სტად ფრანსეში“ ერთბაშად 4 ჩვენებური იყო: ბურჯები ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც სამწუხაროდ უკვე მე-13 წუთზე დატოვა მინდორი მორიგი ტრავმის გამო.  პარიზელებმა სამხრეთ აფრიკაში იქაურ „ლაიონსთან“ 12:30 წააგეს.

„ბრივმა“ შინ ირლანდიურ „კონახტთან“ ბონუსით წააგო – 24:31. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში უკვე მე-15 წუთზე ვანო კარკაძე გაამოჩნდა, რომელმაც ბოლომდე ითამაშა, თან 47-ე წუთიდან სინბინში ყოფნაც მოასწრო.

„პერპინიანმა“ გლაზგოში იქაურ „უორიორზთან“ 18:26 წააგო. კატალონიელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, ვინც 46-ეზე გამოცვალეს.

„ბაიონი“ კი შინ იტალიურ „ტრევიზოსთან“ შერცხვა – 7:45! ბასკურ კლუბში ბოლო 14 წუთი ბადრი ციხისთავმა ითამაშა, ვისთვისაც ეს იყო პროფესიული დებიუტი. ეს თინეიჯერი ბურჯი ქომაგებს ასაკობრივი ნაკრებიდან უნდა ახსოვდეთ.

ერთადერთი წარმატება კი „ტულონს“ მიუძღვის, რმოელმაც ინგლისურ „ბათს“ ბონუსით მოუგო – 29:7. ბექა გიგაშვილი მასპინძელთა რიგებს შესვენების შემდეგ შეემატა.

No description available.პრო დ2

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში პირველი წრის ბოლო ტური გაიმართა, რომელშიც 18-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

ჯამური შედეგი ძალზე შთამბეჭდავია – ტურში 4 ქართული ლელო დაფიქსირდა, რასაც აბჟანდაძის ფეხით მოხვეჭილი ქულებიც დაერთო.

„ბიარიცი“ ბეზიეში ბონუსით დამარცხდა – 12:17 და ბასკთაგან ლელო თორნიკე ჯალაღონიამ მიითვალა. ეს იყო ბორჯღალოსანი მესამეხაზელისთვის მეორე ლელო მიმდინარე პრო დ2-ში.

აი, 20 წლის ბექა შვანგირაძემ კი რეგულარული ჩემპიონატის ნახევარი თავისი მესამე ლელოთი დახურა. მისმა „ორიაკმა“ რუანში 26:6 იმარჯვა და საშობაო

შესვენებაზე მე-6 ადგილის დაკავებით გავიდა, რომელიც პლეი-ოფში მოხვედრის ტოლფასია.

„მონ-დე-მარსანის“ ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა „კარკასონის“ განადგურებას წერტილი გაწითლებულ დროში დაუსვა – 42:13. ეს იყო ლაშას პირველი ლელო მიმდინარე სეზონში.

და ბოლოს თედოზეც ვთქვათ. „მონტობანმა“ „ანგულემს“ უმასპინძლა და 25:19 დაამარცხა. ამ 25 ქულიდან 13 ქართველი მგეზავის ანგარიშზეა. აბჟანდაძემ სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა, რასაც 1 გარდასახვა და ორი ჯარიმაც დაურთო და პრო დ2-ში პირადი სეზონური ანგარიში 56 ქულას გაუტოლა. მთავარი კი ისაა, რომ „მონტობანი“ გასავარდნ ზონას 2 ქულით დაშორდა.