იერუსალიმის მასტერსის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ტატამზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა და ყველა უმედლოდ დარჩა.
ახლოს იყო მედალთან გიორგი სარდალაშვილი (60). ჩვენებურმა მერვედფინალში უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დამარცხა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს მოუგო და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის შანსი მიეცა. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ტაიპელ იუნგ ვეი იანგთან დამატებით დროში სამი გაფრთხილების გამო დამარცხდა და კვარვცხლბეკზე ვერ შედგა.
პირველივე ბრძოლა წააგო ვაჟა მარგველაშვილმა (66), რომელიც მტკივნეულ ილეთზე ფრანგმა მაქსიმ გობერმა დაიჭირა. ასევე პირველივე ბრძოლა წააგო ეთერ ლიპარტელიანმაც (57). ჩვენებურს იაპონელმა ცუკასა იოშიდამ აჯობა. დღეს ტატამიზე სამი ქართველი გავა: 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი იჭიდავებენ, ხოლო 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ტატო გრიგალაშვილი.