მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მთავარი ფიგურა ლუკა მოდრიჩი იყო. 37 წლის ფეხბურთელი შესაშური სისწრაფითა და ენერგიით დაქროდა მოედანზე ყველა მიმართულებით. ის რომ ხორვატთა ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა. მოდრიჩი იყო მთავარი შემოქმედი ოთხი წლის წინანდელი წარმატებისაც, როდესაც ბალკანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ხორვატთა კაპიტანი იმ წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მოდრიჩი „რეალშიც” ფასდაუდებელია. ამა წლის გაზაფხულზე მან მადრიდელთა შემადგენლობაში მეხუთედ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. ვარსკვლავის ყველა წარმატების მთავარი შთამაგონებელი კი მისი მეუღლე ვანია ბოსნიჩი გახლავთ.
ინგლისურმა გაზეთმა „სანმა” მოდრიჩის მეუღლეს მოკლე წერილი მიუძღვნა. ვინ არის ვანია მოდრიჩი? ის გახლავთ ლუკაზე სამი წლით უფროსი მტკიცე ხასიათის ქალი. ლუკა და ვანია ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ, როდესაც ვანია ზაგრების „დინამოს” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზდრავკო მამიჩის სააგენტოში მუშაობდა. დრო რომ გავიდა, წყვილმა იქორწინა, ქალმა ქმრის აგენტობა იკისრა და… 2012 წელს ის „ტოტენჰემიდან” „რეალში” გადაიყვანა.
ფეხბურთელების ცოლების დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, ვანია ბოსნიჩი ცდილობს საზოგადოებას თვალში არ მოხვდეს, ინსტაგრამიც კი არ აქვს.
ლუკა და ვანია 2010 წელს ზაგრებში დაქორწინდნენ. ლუკას მეჯვარე „ტოტენჰემ ჰოთსფურისა” და ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვედრან ჩორლუკა გახლდათ. პირველი შვილი, ივანო, წყვილს ქორწილიდან სამ კვირაში შეეძინა. ივანოს მოჰყვა ქალიშვილები ემა და სოფია.