ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლაშასგან ამას მიჩვეული ვართ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ტალახაძეს ამჯერად გაუჭირდა და ტიტულის მოპოვება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული.

29 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ქართველ გოლიათს ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც იყო, რომ ექვსიდან ოთხი ცდა გამოიყენა. ლაშამ ატაცში 208 და 215 კილოგრამი კი დაძლია, მაგრამ 220-კილოგრამიანი შტანგას ვეღარ მოერია. თუმცა, მცირე ოქროს მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

შედარებით უფრო გაუჭირდა აკვრაში, სადაც 245 კილოგრამი პირველ ცდაზე მსაჯებმა არ ჩაუთვალეს, მაგრამ მეორე მისვლაზე ასწია, შემდეგ 251 კილოგრამს მოერია, რაც ოქროსთის საკამრისი იყო, რადგან მისმა კონკურენტებმა უფრო მაღალი წონები ვერ დააფიქსირეს.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 466 კგ დააგროვა, რაც მის მიერ დამყარებულ რეკორდზე 26 კილოგრამით ნაკლებია. მეორე ადგილზე აწ უკვე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანი (462) გავიდა, ხოლო მესამეზე – სომეხი ვარაზდატ ლალაიანი (461).

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტალახაძის გამოსვლამდე, ქართულ დელეგაციას მედლები მხოლოდ 109 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჰქონდათ – გიორგი ჩხეიძემ ორი ვერცხლი მოიპოვა.