Francesco Totti before the Serie A match between AS Roma and SS Lazio at Stadio Olimpico on March 20, 2022 in Rome, Italy.„მარადონა თავად ფეხბურთია. მესი უძლიერესია, მაგრამ ის მარადონაზე ქვემოთ დგას,” — ამბობს „რომას” ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოს 2006 წლის იტალიელი ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დოჰაშია და ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს იქიდან ადევნებს თვალს. ის ამბობს: „მშვენიერი ჩემპიონატია. ცოცხლად ყურება მას აშკარად ჰმატებს თავის ეფექტს. ფეხბურთელისთვის კი მუნდიალი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი რამ არის. ის შემდეგ მთელი ცხოვრება მოგყვება. …2006 წლის იტალია ამ ჩემპიონატში რომ მონაწილეობდეს? ოთხეულში მოხვდებოდა”.

რონალდუს მსგავსად

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი აღარ არის. მისი ნაკრებიც გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს, მეოთხედფინალში ის მაროკომ დაამარცხა.

„რონალდუს ამბავი შორიდან ჩემსას მაგონებს, — თქვა ტოტიმ BepiTv1 არხის Twitch-ზე საუბრისას, — თუმცა გარედან განსჯა ძნელია. სინამდვილეში რა ხდება, თავად მან იცის, ერთი კი ფაქტია, ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიოს ორ ან სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ერთ-ერთზე და ამიტომ ის პატივისცემას იმსახურებს”.

კონფლიქტი ლუჩანო სპალეტისთან

საუბარი მისი კარიერის ბოლო პერიოდს და სპალეტისთან კონფლიქტს ეხება; აგრეთვე იმ ოვაციებს, რომელიც ტოტიმ 2016 წლის მარტში, „სანტიანო ბერნაბეუზე” „რეალის” ფანებისგან მიიღო.

„მაშინ 16 წუთი მათამაშეს. ბედნიერი ვიყავი. ხალხი ფეხზე წამომიდგა და ტაში დამიკრა. ეს არასდროს დამავიწყდება”.

მაგრამ ის პერიოდი მწარე გამოდგა. ის ვერ ივიწყებს ტოსკანელ მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან დაპირისპირებას.

„რაც უფრო უკეთ ვთამაშობდი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას მაქცევდნენ. არადა, ყოველ შესვლაზე ან გოლი გამქონდა ან საგოლე პასს ვაწვდიდი. არ დამავიწყდება „ტორინოსთან” შეხვედრა, რომელშიც შეცვლაზე შევედი და ორი გოლი გავიტანე. ეს იყო უდიდესი სიამოვნება, რომელზე მაღლა მხოლოდ სკუდეტოს ან მსოფლიოს ჩემპიონობის მოგებას დავაყენებდი. ძალიან მინდა ერთ მშვენიერ დღეს სპალეტის შევხვდე და ველაპარაკო. აუცილებლად უნდა ვკითხო რა მოხდა მაშინ. ვწუხვარ, მასთან ურთიერთობა ასე ცუდად რომ დავასრულე. თავიდან მის ხელში კარგად გავიხსენი. მან ფუნქცია შემიცვალა. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ბევრს არ შეუძლია გუნდი ისე გაიყვანოს მოედანზე, როგორც მას. მე ძალიან მომწონს მისი დღევანდელი „ნაპოლი”. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ის კვლავ ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია”.

არა მოურინიუს

შემდეგ სიტყვა ისევ პორტუგალიის ნაკრებზე ჩამოვარდა. ტოტიმ თქვა, რომ გადამდგარი ფერნანდუ სანტუშის ადგილზე ჟოზე მოურინიუს მიყვანა არ შეიძლება, ვინაიდან ის „რომას” მწვრთნელია. მოუმ ერთდროულად ორ ადგილას არ უნდა იმუშაოს.

„ვფიქრობ, რაკი მას კლუბს ანდობენ, მთელი ყურადღება კლუბს უნდა დაუთმოს”, — ამბობს ტოტი.

ძანიოლოდან ოსიმენამდე

შემდეგ ვეტერანს „რომას” 23 წლის შემტევზე ნიკოლა ძანიოლოზე ჰკითხეს. მან უპასუხა: „ზრდისთვის სწორი მენტალიტეტია საჭირო. ფეხბურთში არსებობს კატეგორიები. არიან კარგი ფეხბურთელები, არიან ჩემპიონები და არიან ფენომენები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გწამს თუ არა საკუთარი შესაძლებლობების და იცი თუ არა როგორ უნდა გაიზარდო უპირველეს ყოვლისა მოედანს გარეთ. ეს პრინციპული მომენტია”.

ტოტის მიაჩნია, რომ დღეს სერია A-ს უძლიერესი თავდამსხმელი „ნაპოლიში” თამაშობს: „ჩემი აზრით ეს ოსიმენია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გოლები გააქვს. როდესაც ბურთი მასთან მიდის — გოლია. გარდა ამისა კი, ის მუდამ თანაგუნდელების სამსახურშია. ნიგერიელი სულ საჭირო დროს და საჭირო ადგილას დგას.