ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი არ მაქვს. ჩემს კონტრაქტს ვადა მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად გაუვიდა და ვეღარაფერს გავაწყობ. რვა მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც მექსიკის ნაკრები ჯგუფიდან გადის, ახლა კი ჩემს ხელში ჩარჩა. ამ ჩავარდნისთვის პასუხისმგებლობა მე მეკისრება. რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა”.
მექსიკის ნაკრებმა პირველ ორ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და ასევე ჩაატარა მესამე მატჩის პირველი ტაიმიც, მაგრამ შესვენების შემდეგ მოკლე მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო. კარგა ხნის განმავლობაში ასეთივე ანგარიშით უგებდა არგენტინა პოლონეთს. ეს ორი თამაში ერთნაირად რომ დასრულებულიყო, ჯგუფში მეორე ადგილოსანი „ფეარ ფლეის” პრინციპით გაირკვეოდა — პოლონეთს მექსიკაზე ნაკლები ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და მერვედფინალშიც ის გადიოდა.
აქამდე ასეთი რამ ერთადერთხელ მომხდარა — ოთხი წლის წინ, H ჯგუფში, უიღბლო სენეგალს სწორედ ყვითლებით აჯობა იაპონიამ და მერვედფინალში ბელგიას შეხვდა.
მარტინო: „სწორედ ამიტომ გვინდოდა, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, მესამე გოლი გაგვეტანა”.
მექსიკა მთელი ძალებით მიაწყდა საუდელთა კარს და… როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება, გატანის ნაცვლად გაუშვა. ეს 90+5 წუთზე მოხდა.
ამრიგად, C ჯგუფში პირველი ადგილი არგენტინამ დაიკავა, რომელიც ფლეი ოფში D ჯგუფის მეორეადგილოსან ავსტრალიას ხვდება, მეორეზე კი პოლონეთი გავიდა, რომელიც საფრანგეთს უნდა შეხვდეს.