საუდის არაბეთის ნაკრების მცველი ალი ალ-ბულაიში არ მალავს, რომ მისი გუნდის მეორე გოლის შემდეგ ლეო მესისთან მიიჭრა და უღრიალა. დიდი სენსაცია მოხდა, მთელი მსოფლიოს მიერ აუტსაიდერებად მიჩნეულმა საუდელებმა ფავორიტ არგენტინელებს 2:1 მოუგეს.
შეგახსენებთ: ანგარიში არგენტინელებმა მესის პენალტით გახსნეს, რასაც შესვენების შემდეგ არაბებმა ხუთ წუთში ორი გოლით უპასუხეს. და როგორც კი საუდის არაბეთი დაწინაურდა, ალ-ბულაიში საზეიმოდ თანაგუნდელებისკენ კი არ გაიქცა, არამედ მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელს მივარდა, მისი ყურადღება რომ მიეპყრო ზურგში გვარიანად უბიძგა და როგორც მოგვიანებით თავად მოყვა, უყვირა: „თქვენ ვერ მოგვიგებთ! თქვენ ვერ მოგვიგებთ!”
ამის დანახვაზე საქმეში პაპუ გომესი და ლაუტარო მარტინესი ჩაერივნენ, მაგრამ ალ-ბულაიშის დაშოშმინება მანამდე ვერ მოახერხეს სანამ მან ეროვნული სიამაყის გამოსახატავად საკუთარი მაისური არ ჩაბღუჯა და კიდევ რაღაც არ მოიმოქმედა.
ეს ამბავი 53-ე წუთზე მოხდა. საუდელთა ცენტრალური მცველი მართალი გამოდგა, არგენტინამ მის გუნდს ვერ მოუგო. C ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა და მექსიკამ 0:0 ითამაშეს. შესაბამისად, ცხრილს საუდის არაბეთი ლიდერობს. „ალბისელესტე” ბოლოზეა.
არგენტინელები შაბათს მექსიკას ხვდებიან. მათთვის მოგება სავალდებულოა.
„ვიცოდით, რომ საუდის არაბეთის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებისგან შედგებოდა. ისინი ბურთს კარგად აგორებენ და მოედანზე ძალიან წინ უყვართ განლაგება. ახლა თავის გამართლება უადგილოა. ვაპირებთ ერთ მუშტად შევიკრათ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ბიჭები ძლიერები არიან და ამას დაამტკიცებენ. ამგვარ მდგომარეობაში დიდხანს არ უნდა დავრჩეთ. ყველამ დიდი დარტყმა მიიღო. ასეთ სტარტს არ ველოდით, მაგრამ რას იზამ. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. ახლა უნდა დავწყნარდეთ და გავიხსენოთ, ვინ ვართ. უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს მომავალში”, — თქვა მატჩის შემდეგ მესიმ.