საქართველოს ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხეს და როგორც დასავლურ პრესაში დაიწერა, ევროპა შეაზანზარეს. „ეს იყო შოკი!“, „უელსი ქართველებმა დაამცირეს“, „საქართველომ უელსურ რაგბში კრიზისი დათესა“ – სწორედ ასეთი შინაარსის სათაურებით იყო აჭრელებული წამყვანი სარაგბო გამოცემები.
უელსის რაგბის კავშირი:
„საქართველომ განაგრძო უელსის დაშლა შერკინების მეშვეობით და დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მატკავამ საოცარი წნეხის ქვეშ ფენომენალური დარტყმით ისტორია დაწერა.“.
ტიბო პერენი, Le Rugbynistere”
„საქართველომ კარდიფში უელსის წინააღმდეგ გამარჯვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია. რამდენად მალე ვიხილავთ ქართველებს ექვსი ერის ტურნირზე? უელსისთვის ეს მატჩი ფორმალური უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად კი „დრაკონებმა“ კიდევ ერთი ხმაურიანი მარცხი განიცადეს მას შემდეგ, რაც იმავე „პრინსიპალიტიზე“ იტალიასთან წააგეს „ექვსი ერის“ თასის მატჩში, იმ „ექვსი ერისა“, რომელში მოხვედრასაც „ბორჯღალოსნები“ ასე ლამობენ და რომელშიც ინტეგრირებაზე უარს ორგანიზატორები ეუბნებიან. ამ შაბათს ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან თამაშს იმსახურებენ და არა ქვედა ექვს ერში დროის ფუჭად კარგვას“.
მეთ ლოიდი, BBC:
„ქართველებს მიაჩნიათ, რომ ახლა, უელსის ნაკრებთან მოგების შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია იგნორირება ევროპულ სარაგბო ელიტაში მოხვედრაზე მათ მიერ გაცხადებული პრეტენზიებისა. სანდრო თოდუას ლელომ, ლუკა მატკავას ცივსისხლიანობამ და დომინანტურმა შერკინებამ მათ 13:12 გამარჯვება მოუტანა კარდიფის მატჩში. ზაფხულში იტალიის ძლევისა და სამოასთან ერთქულიანი მარცხის შემდეგ ქართველებს მიაჩნიათ, რომ მათი ადგილი „ექვს ერშია“. იმ დროს, როცა უელსში ფასეულობების გადახედვაზე ლაპარაკობენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ამაყი სარაგბო ერის გამარჯვება, რომლის სარაგბო ფესვების ძიებისას შორეულ წარსულში აღმოჩნდებით. „ლელობურთი“ – ასე ეწოდება რაგბის მსგავს ქართულ ხალხურ თამაშს, რომლის ხათრითაც საქართველოს ნაკრებს სახელად „Lelos“ დაერქვა. ეს გუნდი უკვე მეექვსედ გავიდა მსოფლიო თასზე, ხოლო ქვედა „ექვსი ერი“ საკუთრებად იქცია, მოიგო რა 11 ტიტული ბოლო 12 სეზონში. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ტიერ 1-ის ტურნირში, ისეთში, როგორიც „ექვსი ერია“ მათი გაწევრების სურვილი ჯერჯერობით ვერავინ შეისმინა. ევროპის უმდიდრეს ქვეყნებს უბრალოდ ფულის გაყოფა არ სურთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი რეაქცია არც ამ კარდიფულ ტრიუმფს მოყვა, მათ თავისი პოზიციების დაცვის უკეთესი შანსი გაისად საფრანგეთში ექნებათ, სადაც მსოფლიო თასის პულის ბოლო მატჩში კვლავ შედგება საქართველოსა და უელსის ჯახი. ჯერჯერობით კი მათ ამ გამარჯვებით ტკბობა შეუძლიათ“.
Rugbypass
„მატკავამ საქართველო ოცნებათა ქვეყანად აქცია. ქართველებმა მხურვალედ იზეიმეს გამარჯვება – ეს ხომ უდიდესი წარმატება იყო ამ ნაკრების ისტორიაში. მათ უელსი დაასევდიანეს“.