ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის მეორე ნახევარი არანორმალურ დონეზე ჩაატარა, 10 უპასუხო ქულა გააკეთა და რაგბის ერთ-ერთ ბობოლა უელსს მის მოედანზევე 13:12 მოუგო!

აი, როგორ მოხდა ეს. თამაშის დებიუტი დამაიმედებელი გამოდგა: ქართველებმა სწრაფად შეუტიეს და მრისხანე მასპინძლებს მათსავე ნახევარზე შეცდომა დააშვებინეს. აბჟანდაძემ საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ბორჯღალოსნები 3:0 დააწინაურა.

ასეთმა დასაწყისმა ჩვენს ბიჭებს ფრთები შეასხა და მომდევნო 5-წუთეული მათ იერიშში მიილია, მაგრამ ბრიტანელებმა თავი კარგად დაიცვეს და თანდათან ინიციატივაც გადაიბარეს. მე-20 წუთამდე საქართველო იგებდა, თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა უკვე ტოტალური გახდა. ჯეიკ მორგანმა 2-წუთიანი ინტერვალით ორი მაგარი ლელო დაუდო ქართველებს, რომელთაგან პირველი რის პრისტლენდმა უნაკლოდ შეასრულა, მეორე კი ააცილა, თუმცა, ამ მცირე წარუმატებლობას იმ მომენტში დიდი ყურადღება არავის მიუქცევია და ძალიანაც ცდებოდნენ!

შეიძლება იყოს 5 ადამიანი და ადამიანები სპორტით არიან დაკავებული-(ი)ს გამოსახულებატაიმის ბოლომდე ჩვენი გუნდი რამდენიმე შემთხვევაში ბეწვზე გადაურჩა დალელოვებას და სასტარტო ნახევარი 3:12 დათმო.

აი, მეორე ტაიმში კი სულ სხვა თამაში წავიდა. ქართველები მეტოქეს გაუთამამდნენ, სულ უფრო და უფრო მოუხშირეს შეტევებს და 52-ე წუთზე, ორი გარემარბის საჰაერო ბრძოლისას ოპონენტზე გაცილებით ტანმორჩილმა თოდუამ კარტრაიტს აჯობა, უელსელმა კი ქართველი ცენტურიონი ისე უხეიროდ შებოჭა, რომ სანდრო მიწისკენ თავით წავიდა. საბედნეროდ, მან გრუპირება მოასწრო და მძიმე დაზიანებას გადაურჩა, კარტრაიტი კი 10 წუთით გაასინბინეს.

რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ბორჯღალოსნებმა 7 წუთის შემდეგ მოახერხეს: რამდენიმეფაზიანი შეტევისას მერაბ შარიქაძემ თედოს მაგარი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მარცხენა ფლანგზე ეულად დარჩენილ თოდუას ფეხით გადაუკიდა. სანდრომ ლელოში ცენტრისკენ შეწევაც მოასწრო და ბურთიც იქ დადო. აბჟანდაძემ, ცხადია, გარდასახა და უელსს უკვე სათოფეზე მივუახლოვდით – 10:12!

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებააი, აქ კი დაიწყო „უძლიერესის ბოლო 20-წუთეული“. ჰოდა, დროის ამ გადამწყვეტ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ალბათ საუკეთესო რაგბი ითამაშა. ამას ხელი დროულმა შეცვლებმაც შეუწყო. სამარქაფო ბურჯებმა ისევე იმძლავრეს, როგორც ერთი კვირის წინ სამოასთან და რაც საბოლოოდ მოხდა, დიდწილად მათი დამსახურებაა. ნიკა აბულაძემ და ნორჩმა სანდრო ქუნთელიამ ისეთი მუხტი შესძინეს ქართულ შერკინებას, რომ ერთხელ სულაც უელსელთა შერკინებაში გადათელეს მეტოქე და საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს.

მანძილი და პოზიცია სავსებით ნორმალური იყო, მგრამ თედომ კარგად დაწყებული საქმე ვეღარ დაასრულა – ბურთი მიზანს აცდა, ცოტა ხანში კი გაწბილებული აბჟანდაძის ნაცვლად თამაშში ლუკა მატკავა ჩაერთო. ვეტერანი ლაშა ხმალაძეც გამორჩეულად ჩაერთო თამაშში და ჰაერში სენსაციის ისედაც მოტრიალე სუნი მაქსიმალურად გამძაფრდა! შერკინებამ კიდევ ერთხლ იძალა, ოღონდ ამჯერად მანძილი 45 მეტრი იყო. ჰოდა, მატკავამ ჯერაც არდაღლილი ფეხი მარჯვედ მოიქნია და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ბორჯღალოსნები დაწინაურდნენ – 13:12! რჩებოდა თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა და ქართველებმა ეს შეძლეს!

ვინ თქვა, რომ რაგბში სენსაციები არ ხდება?! ზაფხულში, ბათუმის კოხტა სტადიონზე საქართველოს ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად მოუგეს ბობოლას – იტალიის ნაკრებს! ნოემბრის ტესტების დასკვნით მატჩში კი ქართველებმა იტალიაზე გაცილებით მაგარი გუნდი – უელსის ნაკრები დასცეს, თანაც სად? ბუმბერაზ „პრინსიპალიტიზე“! ასე რომ, ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება