კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუმ ჟურნალისტ პირს მორგანთან მთელი მსოფლიო მოიარა. ახლა ყველამ იცის, რომ პორტუგალიელს „მანჩესტერ იუნაიტედში” დასაბრუნებელი პირი აღარ აქვს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესოს ახალი კლუბი აქვს საძებნელი. ამბობენ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა — უნდოდა „ოლდ ტრეფორდის” მარწუხებისგან რამენაირად დაეხსნა თავი.
დღეს საკითხი ასე დგას: სად გადავა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი? მორგანმა „პარი სენ ჟერმენზე” ჩამოუგდო სიტყვა. ყველას აინტერესებს ნახავს თუ არა ოდესმე გულშემატკივარი თანამედროვეობის ორი უდიდეს ვარსკვლავს, რონალდუსა და ლეო მესის ერთ გუნდში. ჟურნალისტმა კრიშტიანუს ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი კილიან მბაპე „პარკ დე პრენსს” დატოვებს. არის თუნდაც მცირედი შანსი, რომ პარიზელთა გუნდში მისი ადგილი რონალდუმ დაიკავოს?
„რატომაც არა. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, — უპასუხა CR7-მა, — ასე პარიზელები უამრავ მაისურს გაყიდიან”.
შეგახსენებთ, რომ მესი „ოქროს ბურთის” შვიდგზის მფლობელია. რონალდუმ მისი მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა:
„ის საოცარი ფეხბურთელია. ჯადოქარია, უმაღლესი დონეა. ჩვენ 16 წელი ერთად ვიყავით სცენაზე. წარმოგიდგენიათ? 16 წელიწადი. ის და მე.
მე მასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. მეგობრები, იმ გაგებით რასაც მეგობარს ვეძახი — როდესაც ადამიანს შინ პატიჟებ და ერთმანეთს ურეკავთ — არ ვართ, მაგრამ თანაგუნდელივით ნამდვილად არის. ეს ის ბიჭია, რომელსაც მე პატივს ვცემ, რადგან ის ჩემს შესახებ თავადაც ყოველთვის პატივისცემით ლაპარაკობს. ჩვენი მეუღლეებიც, მისი ცოლი და ჩემი მეგობარი გოგო, პატივს სცემენ ერთმანეთს. მისი ცოლი არგენტინელია და ჩემი მეგობარი გოგოც არგენტინელია.
სხვა რა გითხრათ მესის შესახებ? მხოლოდ დიდებულ რამეებს თუ ვიტყვი. ის ბრწყინვალე ბიჭია, რომელიც ფეხბურთში ყველაფერს აკეთებს”.