Image 9ხვიჩათი აღტაცებული ერი ნაკრებმა ჩვენს ადგილზე დაგვაბრუნა. ცივი წყალი გადაგვასხა. ჩაგვიკაკუნა, ემანდ რამე ხომ არ აგერიათო. და ლოგიკურიც იყო. ემოციურ ქართველებს ეტყობა ერთი ფეხბურთელის წარმატება ქვეყნის ფეხბურთის წარმატებაში აგვერია. ჰოდა, მაროკომ 3:0 მოგვიგო. თან თამაშით გაგვსრისა. ხომ არის, ხანდახან ანგარიში მოედანზე მომხდარს რომ არ ასახავს. ამ შემთხვევაში ასახავდა. გიორგი მამარდაშვილი რომ არა, მეტიც იქნებოდა.

მაგრამ, მე სხვა კითხვა გამიჩნდა. ეს თამაში საერთოდ რად გვინდოდა? მწარე წაგების გარდა რა მოგვცა, მამარდა ავარჯიშა?

მოდი ასე ვთქვათ: უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე ცდილობენ სუსტი მეტოქე დაითრიონ. ხომ ასეა? იგულისხმება, რომ ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად უკვე მზად არიან და კარგ გუნებაზე დადგომისთვის დიდი ანგარიშით, უფრო სწორად იოლად მოგება უნდათ. ეს ცნობილი ამბავია. შესაბამისად, ასეთ ქვეყანას ამხანაგურზე რომ თანხმდები ან აღიარებ, რომ სწორედ ის „გასაწეწი” გუნდი ხარ, ან საკუთარი ძალების გწამს და ატყუებ — სინამდვილეში მოუგებ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხვირჩამოშვებულს გაუშვებ. შენ კი ივლი ამაყად, ამას და ამას ვაჯობეო.

ჩვენ რა ვქენით? მოდი, თავად ნუ ვიფილოსოფოსებთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის ნათქვამს ჩავხედოთ: „დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა”.

Image 34ჰოდა, ილიკოსი და ილარიონისა არ იყოს, თოვლი თუა, ქარი თუა და ქვეყანა თუ იქცევა, შენ რა გიხარია? დასვენების პერიოდი თუ გეწყება დაისვენე, რა. რატომ თანხმდები გამგელებულ მაროკოს თამაშზე, რომელიც ოფიციალურად შეჭმას გიპირებს. ბოლოს და ბოლოს სხვასთან გეთამაშა. აგერ, რუმინეთმა სლოვენიასთან ითამაშა; საბერძნეთმა მალტასთან; მონტენეგრომ სლოვაკეთთან; ჩვენმა ძმამ ჩრდილო მაკედონიამ ფინეთთან; ისლანდიამ ნორვეგიასთან და ჩვენ ვინ გვრჯიდა ლომის ხახაში რომ არ ჩაგვეყო თავი. გვეთამაშა სომხეთთან ან აზერბაიჯანთან. ან სულ არ გვეთამაშა.

იმას კი არ ვამბობთ, რომ ერთი წაგებით ქვეყანა იქცევა, მაგრამ ცუდად წავაგეთ. (მაქსიმალისტებს ვეთანხმები, რომ კარგად წაგებაც არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია). მახსოვს, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩვენი ნაკრები, რომლის შემადგენლობასაც ახლა მივტირით, ნიგერიაში გაემგზავრა და მართლა სუპერარწივებთან 1:5 წააგო.

დღეს მაშინდელი ფეხბურთელები იმ ამბავს სასაცილოდ ჰყვებიან. იხსენებენ შვებულების განწყობაზე მყოფებს როგორ არ უნდოდათ აფრიკულ მზეში სირბილი და როგორ ცდილობდნენ ტრავმა მოემიზეზებინათ მოედნიდან რომ გასულიყვნენ ან ცოტა დაესვენათ მაინც. თამაშს ვინ დაგიდევდა. ჰოდა, ხომ შეიძლებოდა დღეს, 28 წლის შემდეგ, ერთხელ უკვე დაშვებული შეცდომა აღარ გაგვემეორებინა. გასაგებია, რომ ამჯერად ნიგერიასთან შედარებით კეთილმოწყობილ ქვეყანაში ვიყავით და ბიჭებმა ტანი ბოთლიდან კი არა, საშხაპეში დაიბანეს, მაგრამ… ვილი სანიოლი: „არ არის იოლი, როცა საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად”.

ჰოდა, რატომ?

სხვა კი აბა რა მოგახსენოთ. დანარჩენი ტელევიზორშიც ჩანდა.

Image 40