„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესი პირობას დებს, რომ თუ „ლა როხა” ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ის თავს გადაიხოტრავს.
„თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით თავს გადავიპარსავ ან პარიკმახერს ვეტყვი რაღაც სხვა ჩამიტაროს, — თქვა ესპანელმა მსოფლიოში უპრეცედენტო ზამთრის მუნდიალის წინ, — ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის წევრებსაც ძალიან გვინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. კარგად თამაშის წყურვილი ყოველ შეხვედრაში მოედანზე ჩანს. ახალგაზრდული ასაკი ჩვენი გუნდის ნაკლი კი არა, უპირატესობა მგონია”.
პედრიმ დიდ სანაკრებო შეჯიბრებაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მაშინ ის 18 წლისა იყო. ახლა პირველ მუნდიალზე მიემგზავრება.
„ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა, — განაგრძობს პედრი, — აქ ყოფნა ნამდვილი სიგიჟეა. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ისევე მწყურია, როგორც ოლიმპიადასა და ევროპის პირველობაზე თამაში მწყუროდა”.
შემდეგ პედრის ესპანეთის ნაკრების თავკაცის, ლუის ენრიკეს შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ესპანეთის ნაკრებისთვის ის საუკეთესო მწვრთნელია. ლუის ენრიკე არის ადამიანი, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გვმატებს და გვაგრძნობინებს, რომ ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია”.
რაც შეეხება სხვა კითხვებს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვასთან დაკავშირებით, პედრიმ მათ გვერდი აუარა: „ყველაზე კარგი ყურადღების ფეხბურთზე გამახვილებაა”, — მიუგო პედრიმ.
„ბარსელონასა” და „რეალის” დაპირისპირებითა და კატალონიელთა სეპარატისტული განწყობილებებით გატაცებულ გულშემატკივარს შეიძლება პედრის ესპანური პატრიოტიზმი გაუკვირდეს, მაგრამ ის კატალონიელი არ არის, კანარის კუნძულებიდანაა. გონსალესი „ბარსელონამ” „ლას პალმასიდან” 2019 წლის 2 სექტემბერს გადაიბირა.