Italian football fans stand up for their right to be abused by rivals | Italy | The Guardianრომში მდებარე სპორტულმა სასამართლომ „ატალანტა” 25 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: ბერგამოელი გულშემატკივრები „ნაპოლისთან” (1:2) შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ სტუმრებს შეურაცხყოფდნენ და თამაშის ბოლოს ნეაპოლელი ქომაგების ცემაც მოუნდათ.

რამდენადაც კარგი სანახავი იყო ის, რაც მოედანზე ხდებოდა, იმდენად ცუდი გარემო იყო „სტადიო ატლეტი აძური დ’იტალიაზე”, რომელსაც სპონსორის გამო „გევის სტადიუმს” ეძახიან.

ჯერ ერთი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბერგამოელები ვეზუვისპირელებს „ნაპოლი ქოლერას” უყვიროდნენ. მოგეხსენებათ, ნეაპოლში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქოლერა მძვინვარებდა. დაავადებამ 1973 წლის ოქტომბერშიც წამოჰყო თავი, ლაბორატორიულად გამოვლინდა 127 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი. ამის შემდეგ, თავმომწონე ჩრდილოეთ იტალიაში ნეაპოლელებს ამრეზით ქოლერას წამოაძახებენ ხოლმე.

თუმცა, უფრო უსიამოვნო ამბები მსაჯის საფინალო სასტვენის ხმის შემდეგ მოხდა. ეს ვიდეოზეც დაფიქსირდა. მასპინძელი ფანები ინდიფერენტული სტიუარდების თვალწინ სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ მხოლოდ სუსტი ბარიერი ჰყოფდა. ისროდნენ საგნებსაც.

სტადიონიდან ქალაქის რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი „აძურის” ფანები რამდენჯერმე მოხვდნენ ბალაკლავებით სახედაფარული „ატალანტას” ქომაგთა ჯგუფების ალყაში. ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ პოლიციის ჩარევით აირიდეს თავიდან.