Valencia's Georgian goalkeeper Giorgi Mamardashvili stops a ball next to Real Sociedad's Spanish midfielder Mikel Merino during the Spanish league...გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი, რომლის მიმოხილვას თითქმის ყველა ესპანურ საიტსა თუ გამოცემაში სათაურად ჰქვია „ვალენსიელებმა ათ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს” ან რაღაც ამის მაგვარი, მაგრამ სანამ ათი კაცის ამბავზე გადავიდოდეთ, ქართველი მეკარის შესახებ ვთქვათ. AS გიორგიზე ორი სიტყვით წერს: „ცოტა საქმე ჰქონდა. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო”. ჩვენ დავძენთ, რომ კარგი იქნება ბოლოს და ბოლოს „ვალენსია” იმ დონის გუნდი გახდეს, სადაც მეკარეს მხოლოდ მეტოქისგან ემუქრება საფრთხე, საკუთარი მცველების დარტყმების მოგერიებაზე კი არ ფიქრობს. „ვალენსიას” კარში მე-10 წუთზე სწორედ მისმა თანაგუნდელმა უგო გილამონმა გაიტანა.

ამის შემდეგ, მე-17 წუთზე მსაჯმა სამუელ ლინოს წინააღმდეგ უხეშობისთვის არიტს ელუსტონდო გააძევა მოედნიდან და სტუმართა გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. 25-ე წუთზე ლინომ ანგარიში გაქვითა, მაგრამ „ღამურებმა” ათი კაცის წინააღმდეგ თამაშისგან მეტი ხეირი ვეღარ მიიღეს.

„მარკა” „ვალენსიას” ბასკეთში ფრეს კარგ შედეგად უთვლის, თუმცა ლინოს ნათქვამიც მოჰყავს: „ჩვენ უკმაყოფილოები ვართ, რადგან მოგება გვინდოდა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ვფიქრობ, შედეგი ცოტა უსამართლოა, რადგან გამარჯვებას ვიმსახურებდით”.

პამპლონაში გამარჯვების შემდეგ „ღამურებმა” ერთხელაც ვეღარ მოიგეს. მათ ითამაშეს ფრედ „ელჩესთან”, „სევილიასთან” და „რეალ სოსიედადთან”, „მალიორკასა” და „ბარსელონასთან” კი წააგეს. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განმარტა, რომ მის ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირთ. ედინსონ კავანის არყოფნაში იტალიელმა ფორვარდობა თავიდან მარკოს ანდრეს ანდო, ბოლოს კი უგო დუროს, მაგრამ ბურთის ფლობის უპირატესობას (73%-27%) ვერც ერთმა მოუხერხა რეალიზაცია და ვერც მეორემ.

რაკი სტატისტიკას შევეხეთ, მამარდაშვილმა 3 დარტყმული მოიგერია, მისმა სან სებასიტანელმა კოლეგამ ალექს რემირომ კი ორი.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ „ვალენსია” 16 ქულით მე-11 ადგილზეა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე „ღამურებს” 10 ნოემბერს „ბეტისთანღა” აქვთ სათამაშო, ამის შემდეგ კი უკვე 31 დეკემბერს უწევთ „ვილიარეალთან” სტუმრობა.