„ნაპოლის” გრძელი სკამისა და კლასის დასამტკიცებლად „ატალანტას” 2:1 დამარცხება კიდევ ერთი კარგი მაგალითი გამოდგა, — წერს „კორიერე დელო სპორტი”. ბერგამოში კვარაცხელიას ბრენდი გაკლდათ? ინებეთ, ქართველის ალტერ ეგო ელიფ ელმასი. ყველაფერს ის უზრუნველყოფს. ჩრდილო მაკედონიელმა საკვანძო როლი შეასრულა. მან ბერგამოელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ელმასი სპალეტის სასტარტოში რეგულარულად ვერ ხვდება, მაგრამ როგორც კი გუნდს დასჭირდა, გამოვიდა და ისევე როგორც „ლეჩესთან”, გოლი შეაგდო. არადა, „აძურის” 7 ნომერს რთული პერიოდი ჰქონდა. ინსტაგრამზე სათადარიგოთა სკამთან ერთად გადაიღო კიდეც სურათი, ჩემი დიდი სიყვარულიაო.

„ატალანტასთან” მატჩის შემდეგ ელმასმა DAZN-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა: „ის, რაც ინსტაგრამზე დავწერე მხოლოდ ხუმრობა იყო. მე აქ მაშინაც ბედნიერი ვარ, როდესაც არ ვთამაშობ. პრობლემებს არ ვქმნი, როდესაც გუნდი იგებს, ვხარობ. ასე იყო დღესაც. რთული პერიოდის შემდეგ გამიხარდა, რომ მწვრთნელმა მათამაშა და ჩემმა გოლმა სამი ქულა მოგვიტანა. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ ჩემპიონატი ხანგრძლივია.

სპალეტი შემადგენლობას თამაშამდე ორი საათით ასახელებს ხოლმე. როდესაც გავიგე, რომ სასტარტოში ვიყავი ცოტა ვინერვიულე, რადგან კარგა ხანია პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ მეორე მხრივ ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავიღო.

კვარა კარგი ბიჭია. როდესაც ის ნეაპოლში ჩამოვიდა, ვცდილობდი ყველაფერში დავხმარებოდი. ის ძალიან კარგად თამაშობს და მე ეს მახარებს”.