„ნაპოლიმ” „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ ბოლო მიზანსაც მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი პოზიციიდან გავიდა. სპალეტის გუნდმა „წითლებს” როგორც თამაშის ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით ტოლი არ დაუდო. „ნაპოლის” ოსტიგარდის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს, ბოლოს კი სალაჰმა და ნუნიესმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანეს, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „აძურის” ფეხბურთელებს აფასებს.

შებორკილები

ხვიჩა კვარაცხელია, საცობში გაჩხერილი: 5,5

Khvicha Kvaratskhelia of Napoli is challenged by Ibrahima Konate of Liverpool during the UEFA Champions League group A match between Liverpool FC and...კლოპი შემტევი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია, მაგრამ იდიოტი არ არის: მთელი მატჩის განმავლობაში როგორც კი კვარა ბურთს მიიღებდა, მის წინ ორი მოწინააღმდეგე აღიმართებოდა. იყო მომენტები, როდესაც მას სამი კაცი მეურვეობდა და ხანდახან ოთხიც. შედეგად ქართველი გაეჩხირა საცობში, როგორც მანქანა პიკის საათში.

„ნაპოლი” მუდამ მას ეძებდა, გუნდს მისი ცეცხლი სჭირდებოდა, მაგრამ კვარა სულ დაფარული იყო წითელი ფეხბურთელებით, რომლებიც მას ყოველი მხრიდან ბლოკავდნენ. ამის მიუხედავად, როდესაც „წითლების” ძალებში ბზარი გაჩნდა, მან სახიფათოდ დაარტყა კარში. ის ძლიერია. მისგან ყოველთვის ხიფათსა და სასწაულს ელიან (და სრულიად არ არის გამორიცხული, რომ მოახდინოს კიდეც).

მატეო პოლიტანო, დადიოდა მარტო: 5

ის ინგლისში საღამოს მარტო დარჩა. მარჯვენა ფრთაზე მელანქოლიური განწყობა სუფევდა. მისი თანაგუნდელები ფაქტობრივად არ ეხმარებოდნენ. თავად ცდა არ დაუკლია, მაგრამ საბოლოოდ იმით დაამთავრა, რომ შეცვალეს. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა, ოღონდ „ნაპოლი” პირველ ადგილზე გავიდა და ეს გუნებას გამოუკეთებს. შემდეგ ჯერზე უკეთ ითამაშებს.

გალაღებულები

ლეო ოსტიგორი, დიდი მხრები ჰქონია: 6,5

მან ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. როდესაც ამ გოლს VAR ამოწმებდა, ის ლოცულობდა, მაგრამ მსაჯებმა მის ვედრებას ყური არ დაუგდეს და გოლი გააუქმეს. ის მხრის მცირე ნაწილით იყო თამაშგარე მდგომარეობაში. ოსტიგორი არა საფეხბურთო ოსტატობის, არამედ უიღბლობის ზონაში მოხვდა. სხვა მხრივ, ის და კიმი მეტოქის მაღალი ოსტატობის გათვალისწინებით დაცვაში საკმაოდ კარგად იდგნენ.

სტანისლავ ლობოტკა, მოინდომა, მაგრამ ვერ გაგლიჯა: 6,5

ნახევარდაცვის გოლიათებში მოქცეული ახერხებდა ბურთის გაკონტროლებას და წესრიგის დამყარებას. ეს რთული ამოცანა იყო, ვინაიდან „ლივერპული” ივან დრაგოს ინტენსიობით აწვებოდა, მაგრამ მან მოთმინება შეინარჩუნა. ის იბრძოდა და მზად იყო მომდევნო ეპიზოდში მოეგო მეტოქეებისთვის ორთაბრძოლა.

მატიას ოლივერა, მეომარი: 6,5

ის პერსონალურად ედგა სალაჰს. ასეთ დროს ადამიანს მუხლი რომ აუკანკალდეს გასაკვირი არ იქნება, ოლივერა კი გამოვიდა და სალაჰს ვარსკვლავური ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მისცა. ის ჩინებული იყო სისწრაფეზე, ფიზიკურად, დაუღალავობით. ბოლოს, მოსაწყენად არ ჩამთვალონო და შეტევებშიც მიიღო მონაწილეობა. სალაჰი რეგულარულად ცდილობდა ახალი გზა მოენახა, მაგრამ ოლივერა არ გატყდა და განა მარტო სალაჰს, ყველას, ვინც გვერდით ჩაურბენდა, ბურთს ართმევდა. სანამ, ის ბოლო მომენტი არ დადგა, როდესაც ეგვიპტელმა მერეტს გოლი გაუტანა.