„ჩვენ პრაქტიკულად ვერ გვაჯობეს. შეიძლება ბოლოს კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა და…,” — თქვა „ლივერპულისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ. 85-ე და 90+8 წუთებზე მოჰამედ სალაჰისა და დარვინ ნუნიესის მიერ გატანილი გოლებით მერსისპირელებმა ვეზუვის კალთებიდან ჩამოსული სტუმრები 2:0 დაამარცხეს.
„გაძეტა დელო სპორტის” აზრით ჯერ ერთი შედეგი არ ასახავს იმ თამაშს, რომელიც მოედანზე ვიხილეთ და მეორეც, წაგების მიუხედავად „ნაპოლი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ეს იყო მიმდინარე სეზონში „აძურის” პირველი მარცხი. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ „ლივერპულმა” ორივე გოლი სტანდარტული შემადგენლობიდან გაიტანა და არა კომბინაციური ფეხბურთიდან.
„ნაპოლის” თავკაცი ლუჩანო სპალეტი: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მატჩის უმეტეს დროს ბურთს მოხერხებულად ვაკონტროლებდით და საგოლე სიტუაციებსაც ვქმნიდით. დანარჩენ პერიოდებში ბალანსს განსაკუთრებული წვალების გარეშე ვინარჩუნებდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბოლოსკენ შესაძლოა, გუნდს ცოტა კმაყოფილების განცდა დაეუფლა და ვინაიდან თავი ფაქტობრივად ქუდში გვქონდა, „ლივერპულმა” იმ ორი ეპიზოდის შექმნა მოახერხა.
როდესაც ვიგრძენით, რომ მეტოქე ვეღარაფერს დაგვაკლებდა და დასაკარგავი აღარაფერი გვქონდა, ალბათ უფრო თამამად უნდა შეგვეტია. „წითლები” გასახდელში შესვლის წინ უფრო მოგვაწვნენ და შემთხვევით დავმარცხდით, მაგრამ ამით ჩვენი კარგი თამაში არ გაბათილებულა”.
„გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ „ენფილდზე” განცდილი მარცხი ნეაპოლელთა მიერ აქამდე გამომუშავებულ თვითრწმენასა და ოსტატობას ვერ აბათილებს.
სპალეტი: „ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ თამაშს ვერ ჩავატარებდით. ეს იყო საკუთარი თავის რწმენისა და თამაშის გააზრების ნიშანი. ხსენებული თვისებები პრაქტიკაში უნდა გადავიტანოთ, რათა ჩვენი ძლიერება დოკუმენტალურად გაფორმდეს. დღეს მიზანს მივუახლოვდით. შედეგი, რასაკვირველია შთამბეჭდავი იყო, რადგან ასეთი ფეხბურთი ამ დონის მეტოქესთან ვითამაშეთ”.
ბოლოს, „ნაპოლის” თავკაცმა ფიზიკურ ასპექტებს გაუსვა ხაზი: „თავიდან მეტოქეს ტოლს არ ვიდებდით, შემდეგ კი პრობლემები შეგვექმნა. ფიზიკური სტრუქტურის გარეშე შეიძლება გააკეთო დრიბლინგი, მაგრამ კუნთები და სანტიმეტრები სტანდარტულ სიტუაციებთან გასამკლავებლად, აუცილებელია”.